ქართული სამოსის ბრენდი, რომელიც მეოთხე წელია ბაზარზე, თავის პროდუქციას ამ დრომდე ონლაინ ყიდის, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას  Spank me Papa-ს დამფუძნებელი პროფესიით თეატრის მხატვარი, თამარ რაზმაძე ამბობს სურთ, რომ საკუთარი ფიზიკური სივრცე ჰქონდეთ და მიმდინარე წლის სექტემბერში შოურუმის გახსნას გეგმავენ. მან ისიც გვითხრა რომ „Spank me Papa-ს სამოსი ისეთი ქალებისთვისაა, რომლებიც არც მამების და არც ძმების ჭკუაზე არ დადიან“.

თამარი იხსენებს, რომ ბაზარზე მამაკაცის ტრუსებით გამოჩნდნენ, რომლებსაც სასაცილო პრინტები ჰქონდათ, შემდეგ ქალის სამოსი დაამატეს და ამ ხნის განმავლობაში სეზონების მიხედვით ახალ-ახალ პროდუქტს სთავაზობენ ერთგულ მომხმარებელს.

„Spank me Papa 2020 წელს შეიქმნა. თავიდან ვკერავდით მამაკაცის ტრუსებს - „ბოქსერებს“, სასაცილო პრინტებით. სოციალურ ქსელში ხალხი აგვყვა ხუმრობაში და სიცილში და სულ ქალები ყიდულობდნენ ამ საცვლებს. მერე დავამატეთ ქალის ხალათები,  ვაფლის ორეულები და ტანსაცმელი. ახლა გაყიდვაში გვაქვს შარვლები, ქურთუკები და პალტოები“, - ამბობს თამარ რაზმაძე.

ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ მხოლოდ ონლაინ, ძირითადად ინსტაგრამის საშუალებით ყიდიან სამოსს, თუმცა მომხმარებლის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ ფიზიკური მაღაზიაც ჰქონდეთ და გეგმავენ, რომ სექტემბრისთვის შოურუმი გახსნან, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე ნახოს და შეიძინოს Spank me Papa-ს სამოსი.

ფასებს რაც შეეხება, თამარ რაზმაძე ამბობს, რომ მათი პროდუქცია საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ორმხრივი ქურთუკების ფასი 195 ლარიდან იწყება და მხოლოდ ერთი პალტო აქვთ, რომლის ფასი 200 ლარზე მეტია. გაყიდვაში აქვთ შარვლები, აბრეშუმის ორეულები და პიჯაკები.

Spank me Papa-ის დამფუძნებლის თქმით, კონკურენტულ გარემოში მათი მთავარი უპირატესობა ხარისხი და დიზაინი. სამოსს თურქული ქსოვილით კერავენ და ამჟამად საზაფხულო სამოსზე - ორეულებზე, შორტებზე, შარვლებსა და პერანგებზე მუშაობენ, რომელსაც მომხმარებელს ზაფხულის სეზონისთვის შესთავაზებენ.