კომპანია "იაგოს ღვინოს" დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი მიიჩნევს, ღვინის საერთაშორისო ბაზარზე არსებული კრიზისის ფონზე, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგს ახალი რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების ნაცვლად, მეტი თავისუფლება და ჯანსაღი კონკურენცია სჭირდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა მევანახეობა-მეღვინეობის დარგში ამოქმედებული და განხილვაში არსებული რეგულაციები იყო.
როგორც ცნობილია, 1-ელი მაისიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, ქვეყანაში სამეწარმეო ვენახის გაშენება აიკრძალა. გარდა ამისა, იგეგმება სავალდებულო ნიშანდების შემოღება, რომლის საფასური, სავარაუდოდ, ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ასევე, საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება, როგორც საექსპორტო ისე ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი; „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება და ა.შ.
“წერტილთან” ინტერვიუში “იაგოს ღვინოს” დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება რეგულაციებით და “ფურცლების შევსებით” ვერ მიიღწევა. “ქართული ღვინის რეალური აღიარება სწორედ თავისუფალმა გარემომ მოიტანა”, - ამბობს ის.
იაგო ბიტარიშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირებაზე მიმართული მილიონები ქართული ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისა და პრომოუშენის მიმართულებით უნდა გადაამისამართოს.
ინტერვიუ იაგო ბიტარიშვილთან
- ხშირ შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე: ამბობენ, ბევრ რეგულაციას იმიტომ ვაწესებთ, რომ ვიღაც ცუდ ღვინოს აკეთებსო. თუნდაც ასე იყოს… ჩემი მეზობელი თუ ცუდ ღვინოს აკეთებს და ამ რეგულაციებით მას წარმოება შეუჩერდება, ჩემს ღვინოს რა მოემატება?! ჩემი ღვინო უკეთესი გახდება?! ჩემი ღვინის ხარისხი როგორ გაიზრდება?! აი, საქართველოში ვინც არ უნდა არსებობდეს, დიდი თუ პატარა მარანი, რომელიც ვიღაცის თვალით ვერ აწარმოებს ხარისხიან ღვინოს – მათ ყველამ ხვალვე რომ დაანებოს თავი ღვინის წარმოებას, ამით საქართველოს ღვინოების გაყიდვა გაორმაგდება, გაიზრდება, თუ ფასი მოიმატებს?! არაფერიც არ მოხდება… ხარისხიანი ვენახი არ იწყება ფურცლებიდან. ნებისმიერი რეგულაცია არანაირად არ აუმჯობესებს ღვინისა თუ ვენახის ხარისხს. ღვინის ხარისხს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია ზრდის. რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე რეპუტაცია მნიშვნელოვანია და არცერთმა ღვინომ არ უნდა მოგვიტანოს ზიანი, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ ახლა უფრო მეტად გვჭირდება აღიარება და დამკვიდრება იმ მაღალ საფასო სეგმენტში, რასაც ჯერჯერობით, მხოლოდ პატარა მარნები ახერხებენ.