ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი - Memorease საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების ინსპირაციით შეიქმნა, რის შემდეგაც ქართველ ფეხბურთელებს ევრო 2024-ზე თამაშის და გამარჯვების შანსი გაუჩნდათ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ბრენდის თანადამფუძნებელი მეკო ჭანტურია ამბობს, მხატვარ თამუნა ბუდაღაშვილთან კოლაბორაციით მაისურების, კეპების და ჩანთების წარმოება დაიწყეს, რომელზეც დაქარგული და დაპრინტულია ქართველი ფეხბურთელების მნიშვნელოვანი მომენტები ისტორიული მატჩიდან.
„ბრენდის შემქმნის ინსპირაცია წამოვიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ისტორიული გამარჯვების შემდეგ. გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ემოციური ფონი არ იქნებოდა და შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ ყოველდღე გვეტარებინა სამოსის, ან აქსესუარის სახით. შესაბამისად მოხდა კოლაბორაცია თამუნია ბუდაღაშვილთან, რომელიც პირველი იყო, რომელმაც ეს ისტორიული მომენტები გააცოცხლა და სკეჩები დახატა. სწორედ მისი სკეჩებია გადმოტანილი და გადმოქარგულია კეპებზე - ფეხბურთელები სხვადასხვა მომენტებში, ისე, როგორც ხალხის მეხსიერებაში დარჩა. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ცეკვა; მეკარე გიორგი მამარდაშვილი ხალხში; ბუდუ პრესკონფერენციაზე და ა.შ. ასევე - მერაბ სეფაშვილის სიმღერა - „ზღაპრის ბოლო კეთილიას“ 3-განზომილებიანი პრინტი გავაკეთეთ მაისურებზე და ჩანთებზე. ეს ემოციური მახასიათებელი აქვს კოლექციას და გვინდოდა, რომ ეს ისტორიული მატჩი დაგვრჩენოდა არა მხოლოდ როგორც ემოცია, არამედ გვქონოდა აქსესუარები, რომელიც ყოველ დღე გაგვახსენებდა ისტორიულ გამარჯვებას“, - აცხადებს მეკო ჭანტურია.
მისი თქმით, Memorease-ის შექმნის ინვესტიცია საკმაოდ ცოტა იყო, ერთ კვირაში შეძლებს იდეის განხორციელება და მათი ბრენდის სამოსი და აქსესუარები ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც გაყიდვაშია და საკმაო მოწონებით სარგებლობს.
„ერთ კვირის წინ გამოჩნდა Memorease-ის მაისურები, ჩანთები და კეპები და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აშშ-ში გავაგზავნეთ გარკვეული რაოდენობა და იქაც დაინტერესებული არიან. ერთი კვირის ფონზე საკმაოდ დიდია გამოხმაურება“, - ამბობენ მეკო ჭანტურია და ნანუკა კაკაბაძე.
Memorease -ის მაისურები, ჩანთები და კეპები ონლაინ Facebook-სა და Instagram-ზე იყიდება. კეპები 75 ლარი ღირს, მაისურები და ჩანთები - 85 ლარი. მეკო ჭანტურია ამბობს, რომ ბრენდი სამომავლოდ კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს.