რა ვითარება და ტენდენციებია თბილისში კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე, რადიო „კომერსანტის“ ეთერში Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელმა, რამაზ შარაბიძემ ისაუბრა.
რამაზ შარაბიძის ინფორმაციით, სავაჭრო და საოფისე ცენტრები სტაბილურად ვითარდება არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ, ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, მაგალითად, რუსთავით, ქუთაისითა და ზუგდიდით.
„თბილისში სავაჭრო ცენტრების მიწოდება ამჟამინდელი მდგომარეობით 300 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და მთლიანობაში, დაახლოებით 20-მდე თანამედროვე ტიპის სავაჭრო სივრცეს მოიცავს. 2026 წლისთვის ველოდებით, რომ ამ მაჩვენებელს დაახლოებით 50 ათასი კვადრატული მეტრი დაემატება. ბუნებრივია, ეს მატება მზარდი მოთხოვნის შესაბამისად ხდება, რაც ვფიქრობთ, კიდევ გაგრძელდება.
რაც შეეხება საიჯარო განაკვეთს, სავაჭრო ცენტრებში ის 1 კვადრატულზე 20 დოლარს შეადგენს დღგ-სა და მომსახურების გადასახადის გარეშე და წინა პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 3%-იანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა რამაზ შარაბიძემ.
Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელმა საოფისე ბაზარზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიწოდება აქ 272 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და ძირითადად, 3 ცენტრალურ უბანზე მოდის: ვაკე, მთაწმინდა და საბურთალო. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ამ ბაზარზე საკმაოდ ზრდა გველოდება, რაც დაახლოებით 150 ათასი კვადრატს გულისხმობს.