უძრავი ქონების სექტორის იპოთეკური დაკრედიტების ცვლილებებზე ეროვნულ ბანკში კონსულტაციები მიმდინარეობს, რასაც დეველოპერები დადებითად აფასებენ, თუმცა, აქვე იმასაც ამბობენ, რომ აუცილებელია, ბიზნესმა ბანკების ალტერნატივა მოიძიოს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „აპარტ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ჩქარეულმა ისაუბრა.

როგორც ვახტანგ ჩქარეული განმარტავს, ფინანსების მოძიების თვალსაზრისით ბოლო ერთ წელი ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ფინანსურმა ინსტიტუტებმა ახალი დეველოპერული პროექტების დაფინანსება პრაქტიკულად, შეაჩერეს. გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაემატა დაძაბული საარჩევნო პერიოდი, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, რამაც, ერთობლივად, ინდუსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინა.

„ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და ახდენს უკუკავშირს იმ სტიმულებზე, რაც მიეწოდება. შესაბამისად, დეველოპერულმა სექტორმა ადაპტირება სწრაფად მოახდინა, თუმცა, ერთი კონკრეტული მიმართულებით - მომხმარებლებისთვის საკუთარი შიდა განვადებების ფართო მასშტაბიანი შეთავაზება დაიწყო. იმდენად, რამდენადაც კომპანიებს სჭირდებათ რესურსი მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად, ეს გახდა ერთ-ერთი ადვილად ხელმისაწვდომი გზა კომპანიებისთვის, კაპიტალი მოეზიდათ. კომპანიისთვის ეს ზუსტად ისეთივე ურისკოა, როგორც საბანკო დაფინანსება, მაგრამ კლიენტის მხარეს ჩნდება გარკვეული რისკები იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო ფინანსური ინსტიტუტის სახით, როგორიც არის ბანკი, ამოვარდნილია პროცესიდან და მომხმარებელი მთლიანად დეველოპერის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ამას რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს, არავინ იცის. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ კერძო სექტორისთვის აღნიშნული დიალოგის შეთავაზება ძალიან დროულია. არ ვარ მომხრე, ეროვნულმა ბანკმა ვინმეს რამე დაავალოს, თუმცა, ვფიქრობ, ამ დიალოგში შეუძლია, კარგი მედიატორის როლი შეასრულოს“, - ამბობს ვახტანგ ჩქარეული.

გარდა ამისა, ვახტანგ ჩქარეული მიიჩნევს, რომ დეველოპერებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბანკების ალტერნატივა.

„ბანკებს აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ ალტერნატივა. ბევრი კომპანია, რომელსაც საერთაშორისო კონტაქტები აქვს, მაგალითად, ჩვენ, რესურსების მოზიდვას ქვეყნის გარედან ვცდილობთ და გვყავს კიდეც ინვესტორები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკიდან“, - განაცხადა ვახტანგ ჩქარეულმა.