BP ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ოპერირებას აზერბაიჯანსა და საქართველოს გადასცემს. როგორც Report იტყობინება, ამის შესახებ ბაქოში ჟურნალისტებს BP-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოებისა და ოპერაციების საკითხებში, გორდონ ბირელმა განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერირების გადაცემა არ ნიშნავს, რომ კომპანია ამ აქტივიდან გადის: „ეს უბრალოდ BP-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, რომელიც 10 წლის წინ მილსადენის ხელშეკრულების ხელმოწერისას დაწესდა“.

ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს პროცესი არანაირად არ უნდა იყოს აღქმული, რომ ეს BP-ის სურვილია.

„ეს არის ხელშეკრულებები. ეს ადრე ხელმოწერილი ხელშეკრულებებია და როგორც მილსადენის წინა ოპერატორს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესრულებით, ჩვენ მილსადენს მის მფლობელებს ვუბრუნებთ. ეს ჩვენი სურვილი არ არის; ეს ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ BP-ს ამ მილსადენის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულება, სხვა კონტრაქტი აქვს.

„ბაქო-სუფსას კონტრაქტი ცალკეა. მისი ვალდებულებაა თითოეულ ქვეყანაში კონტროლი გადასცეს მთავრობას, მის მფლობელს და მთავრობა თავად განსაზღვრავს ოპერატორს. BTC მილსადენთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება, რომ აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში ოპერატორი SOCAR-ს გადაეცემა. ესეც შეთანხმებას ეფუძნება. ეს ივლისში, ივლისის დასაწყისში მოხდება“, - დასძინა მან.