TBC Capital-ის დირექტორის ოთარ შარიქაძის თქმით, "სილქ როუდ ჯგუფის" ემისიამ აჩვენა, რომ რეალურად არის საერთაშორისო ინვესტორთა დიდი ბაზარი, რომელიც ელოდება ქართულ ფასიან ქაღალდებს. მან ამის შესახებ "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ "სილქ როუდ ჯგუფმა" წარმატებით დაასრულა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვება. 5-წლიანი ობლიგაციების წლიური განაკვეთი 7.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული კომპანიის მიერ განხორციელებული უმსხვილესი კერძო კორპორატიული ემისიაა, რომელმაც მიაღწია ქართულ ემიტენტებს შორის ყველაზე დაბალ სპრედს, ისევე, როგორც ქვეყნის პირველი საერთაშორისო ემისია 2024 წლის ივლისის შემდეგ. TBC Capital-ი ტრანზაქციის თანაწამყვანი მენეჯერი იყო.
როგორც ოთარ შარიქაძე ამბობს, ეს ემისია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, რამდენადაც მიანიშნებს, რომ ინვესტორები უცხოეთში მზად არიან რეგიონალური და განსაკუთრებით ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები იყიდონ.
"რაც უფრო ძლიერია კომპანია, მით უფრო მარტივია მისი გაყიდვა, მაგრამ მეორე კომპონენტი აქ იყო, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა გამოჩნდა ბაზარზე ქართული კომპანიების მიმართ. ანუ რეალურად ჩანს ის, რომ ნაკლებობაა ქართული ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე და ინვესტორები ამ ფასიან ქაღალდებს ელოდებიან.
რა თქმა უნდა, კარგ კომპანიებს და ცუდ კომპანიებს სხვანაირად შეაფასებენ და ეს ფაქტი იყო, რომ სამჯერ მეტი მოთხოვნა იყო ამ შემთხვევაში და დადასტურდა ის, რომ "სილქ როუდ ჯგუფი" ერთ-ერთი კარგი კომპანიაა, მაგრამ მეორეს მხრივ ჯგუფმა გააჩინა ბენჩმარკი. ეს მაგალითია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ქართული კომპანიები არ გასულან საერთაშორისო ბაზრებზე, ბაზარი ღიაა ქართული კომპანიებისთვის",- ამბობს ოთარ შარიქაძე.
ის დასძენს, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბოლო ათწლეულია სწრაფად იზრდება.
"მე მოლოდინი მაქვს, რომ წელს დაახლოებით სამ მილიარდიან ნიშნულს გადაცდება ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი. 3 მილიარდი ამ ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ნიშნულია. დღესდღეობით ვხედავთ იმას, რომ უფრო და უფრო მეტი ქართული კორპორაცია ფიქრდება და გადის კონსულტაციას, შეუძლია თუ არა ბონდების გამოშვება, რას ნიშნავს, რა რისკებია, რა უპირატესობებია და ასე შემდეგ. ახლა მეორე, რაც გვაქვს გამოწვევა რეალურად, არის უკვე ინვესტორის მხარეს. ნაკლებობაა უცხოელი, ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ ქართული ფასიანი ქაღალდების ყიდვის პრეცედენტის. აქედან გამომდინარე, ალბათ შემდეგი 2-3 წელი ჩვენც, მარეგულირებელმაც და მთავრობამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად შემოვიყვანოთ უცხოელი ინვესტორები, რომ ის მიწოდება, რაც მოდის ბაზრიდან და ჯანსაღი მიწოდება მოდის, შევძლოთ დავაკმაყოფილოთ. ასე რომ, მე მგონია, რომ ბაზარი გააგრძელებს ზრდას",- აცხადებს შარიქაძე.
მან ისაუბრა "სილქ როუდ ჯგუფთან" თანამშრომლობაზეც და აღნიშნა, რომ ის 10 წელზე მეტია გრძელდება და კაპიტალის ბაზრის მიმართულებით დაახლოებით მილიარდი დოლარის მოცულობის ემისიებს მოიცავს.
"აქედან სამი არის ევრობონდი და დაახლოებით ორი თუ სამი ტრანზაქცია არის ადგილობრივ ბაზარზე, იმიტომ რომ ეს ჯგუფი არ არის ახალი კაპიტალის ბაზრისთვის, არა მარტო ადგილობრივად, არამედ საერთაშორისოდ. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ არის ჩვენი ბოლო ტრანზაქცია ერთობლივად",- ამბობს ოთარ შარიქაძე.