„აგროჰაბის“ წილი ბრენდული ქსელების საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით მხოლოდ 4.3%-ია, „კარფურის“ - 8.2%, - ინფორმაციას ამის შესახებ Galt & Taggart-ი აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციის ახალი კვლევიდან ირკვევა, 2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10%-ით 17.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით და რეგიონალური ექსპანსიით. ამასთან, სხვა სავაჭრო ფორმატების შემოსავლები წლიურად 8.9%-ით გაიზარდა.
დეილი ჯგუფი რჩება ბაზრის უპირობო ლიდერად. მისი წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში, ხოლო თბილისში მცირედით უსწრებს ძირითად კონკურენტებს. დეილი ჯგუფის წილი შეადგენს ჯამური ბაზრის 29.1%-ს (რეგიონებში – 41.4%, თბილისში – 19.3%). ბაზრის მეორე პოზიციაზე გადავიდა ორი ნაბიჯი ბრენდული ბაზარის 18.1%-იანი წილით (თბილისში – 19.3%, რეგიონებში – 16.6%). მესამე ადგილზეა ნიკორა ჯგუფი 16.3%-იანი წილით (თბილისში – 19.0%, რეგიონებში – 13.0%).კარფური და აგროჰაბი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ, შესაბამისად. საერთო ჯამში, ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში 76.0%-ს შეადგენდა 2025 წლის 9 თვეში.