პრინციპში, პროცესები განვითარდა ზუსტად ისე, როგორც წინა მოლაპარაკებების დროს. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა მზად, რომ თანხმობა განეცხადებინა და დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
„გასაგებია, რომ იქ ოპოზიციისთვის პრობლემური ორი პუნქტი, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა. თუმცა, ამის გარდა, იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, მაგრამ იმ პუნქტებთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ არ იყო მზად, ხელი მოეწერა და იმაზე მაინც დათანხმებულიყო. ჩვენი მხრიდან სამ პუნქტზე მაინც ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო. „ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
1tv.ge