მუქარისა და ზეწოლის ქვეშ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა უკან დაეხია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ზოგადად, ბიზნეს კლიმატი ქვეყანაში გაუარესდა. რამდენიმე მსხვილ კომპანიას საქართველოში პრობლემები შეექმნა.
„ქართულმა მხარემ უკან დაიხია და ეს უკან დახევა მოჰყვა ერთი მხრივ ამერიკის კონგრესიდან გაჟღერებულ მუქარას სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა, ამას „ოცნება” არ აღიარებს და თავს იმართლებს, თითქოს, ასე არ იყო. მეორე მხრივ, არა მარტო „ფრონტერას“ არამედ, რაც მოჰყვა ანაკლიის პორტს, რაც მოჰყვა „ფილიპ მორისის” საქმეს. ეს რომ ერთი კომპანიის პრობლემა ყოფილიყო კიდევ სხვა მდგომარეობა გვექნებოდა, მაგრამ ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ზოგადად, ბიზნეს კლიმატი ქვეყანაში გაუარესდა. რამდენიმე მსხვილ კომპანიას საქართველოში შეექმნა პრობლემები, სადაც ამერიკული ინვესტიცია იყო და ბუნებრივია, ამ მუქარისა და ზეწოლის ქვეშ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა უკან დაეხია. მიუხედავად უკან დახევისა ზიანი მიღებულია, ზიანი მიღებულია არა უშუალოდ „ფრონტერასთან“ მიმართებაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენთან ბიზნეს კლიმატი გაუარესებულია. სახელმწიფო უხეშად ერევა. არ არსებობს სამართლიანი სასამართლო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
imedinews.ge