“ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში… იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მხოლოდ მათზე მზრუნველი. ჩემთვის პარტიას არავითარი სხვა ფასეულობა არ აქვს, არც „ქართულ ოცნებას“, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მაქვს და არც სხვა ნებისმიერს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები შევასრულოთ“.
ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 20 ნოემბერს გააკეთა. ამ სიტყვებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა.
დღეს ხალხი დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის უკვე მე-5 დღეა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს . ამიტომ, „გირჩის“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ტყუილში ადანაშაულებს. “კომერსანტი“ მას აქციაზე ესაუბრა.
„არჩევნების წინ იყო განცდა, რომ „ოცნება“ დაიქსაქსა, მათ შორის ვიღაცები ტოვებდნენ პარტიას, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ამბები და ა.შ. ამიტომ ივანიშვილმა გაუშვა სიგნალი, თითქოს დაალაგებდა სიტუაციას, მაგრამ საბოლოოდ არც არაფერი დაულაგებია და მეტიც, უარეს ქაოსშია გადავარდნილი. როდესაც დემოკრატიას და ცვლილებებს გვპირდებოდა, რა თქმა უნდა, მოიტყუა“.
მოვლენების განვითარების თვალსაზრისით ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საპროტესტო მოთხოვნები ( თავდაპირველად იყო ოთხი — ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას გადადგომა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩამოყალიბება და აქციაზე დაკავებული ადამინების გათავისუფლება — აქედა ორი შესრულდა) დაკმაყოფილდება, თუ ხალხი კვლავინდებურად განაგრძობს აქციაზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას:
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აქციაზე, მიკროფონთან რას გასძახიან. მთავარია ეს მოთხოვნები სრულად შესრულდეს, რაც სრულდება ნელ-ნელა. მთავარია არ დავიშალოთ და ასე მშვიდად, ყოველ საღამოს, პარლამენტთან შევიკრიბოთ. საბოლოოდ, ის ადამიანებიც შემოგვიერთდებიან, ვინც ახლა ტელევიზორთან სხედან და აზრზე არ არიან რა ხდება პოლიტიკაში“,- განმარტავს ჯაფარიძე.
ეკონომიკურ ნაწილზე, „გირჩის“ დამფუძნებელი იზიარებს საზოგადოების მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას ტურიზმის მიმართულებით და მნიშვნელოვად მიიჩნევს ახალი ბაზრების მოძიებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. რაც შეეხება რუსული სანქციებით გამოწვეულ შედეგებზე, ამგვარად განმარტავს:
„არ ვეთანხმები გარკვეული ნაწილის მოსაზრებას, თითქოს რუსული სანქციები მნიშვნელოვნად არ დაგვაზარალებს. ვფიქრობ, პირდაპირ დაარტყამს ქართულ ეკონომიკას და ძალიან ცუდად. ეს აისახება ლარის კურსზე, კონკრეტული ადამიანების შემოსავლებზე და უცხოური ინვესტიციებზეც. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
მისივე თქმით, გამოსავალი ხელისუფლების კონკრეტულ გადაწყვეტილებაშია:
„ის, რომ ჩვენი პროტესტის შედეგად, პუტინმა რაღაც აკრძალა, ესე იგი სწორ მხარეს ვდგავართ. ეს არჩევანი ეკონომიკური პრობლემებსაც შეგვიქმნის, მაგრამ მთავრობას შეუძლია დაბალანსება. ამ ყველაფრის პასუხი არის ხელისუფლების მიერ კერძო აქტივების პრივატიზება. ისევ ჩენ უნდა დაგვიბრუნდეს ეს ქონება და ასევე გადასახადები დაწევა - ეს ორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკურ მიმართულებით. ამასთან, აუცილებელია სასამართლო რეფორმაც“,- აღნიშნავს ზურა ჯაფარიძე.
სალომე ლემონჯავა