ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებში „საქართველოს ბანკიდან“ გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს. მძევლებს პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ადგილზე შეკრებილები არიან გათავისუფლებული მოქალაქეების ნათესავები და ოჯახის წევრები. პოლიციასთან არიან ის ადამიანებიც, რომლებიც თავის ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტს ამ დრომდე ვერ ამყარებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მათმა ნათესვებმა ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვეს.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
imedinews.ge