ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.სოციალური აქცია, რისკ ჯგუფების დასახმარებლად მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სოციალურ პროექტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად იღებს მონაწილეობას.
შალვა კიკნაველიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევაა პრიორიტეტული, რათა ეს ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ასევე, იგეგმება სხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაც.
"ხელისუფლება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს დაავადების მასიურად გავრცელების რისკების შესამცირებლად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას მაქსიმალურად გაითვალისწონონ რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ ერთად ყველაფერს მოვერევით"- განაცხადა კიკნაველიძემ.