უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის საქმით ქვეყანაში „მხოლოდ იწყება“ იმ ოლიგარქების ძალაუფლების შეზღუდვის პროცესი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დომინანტურ ძალას წარმოადგენდნენ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში.
18 მაისის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ვაშინგტონში განთავსებული ანალიტიკური ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ვებსაიტზე და აშშ-ის აუდიტორიისთვისაა გამიზნული, ზელენსკი ამბობს, რომ ეს „არაარჩეული ელიტა“ ახდენს სისტემის მანიპულაციას, თავისი ძალაუფლების და სიმდიდრის სამუდამოდ შესანარჩუნებლად და მოსახლეობის საზიანოდ. ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ლიდერობის პირობებში უკრაინაში პროგრესია ოლიგარქებთან ბრძოლაში და მიანიშნებს სანქციებზე, რომლებიც თებერვალში დაეკისრა მედვედჩუკს, რომლის ქონება, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს ტელეარხებს და ნავთობსადენებს.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. ასეთი ზომები კიდევ ბევრი გატარდება, სანამ უკრაინის ოლიგარქების მასშტაბი შემცირდება, ჩვეულებრივი დიდი ბიზნესმენების დონემდე“ - წერს ზელენსკი განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, სახელმწიფოს ნაბიჯები მედვედჩუკის წინააღმდეგ - რომელიც ივლისში სასამართლოს წინაშე წარსდგება, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, რასაც თავად ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს - მოწმობს, რომ ამგვარ ადამიანებს დიდი ძალა არ აქვთ, როცა კარგავენ მედიაში გავლენას და პოლიტიკურ დაცვას.
www.radiotavisupleba.ge