უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ რუსეთი ვერ გაბედავს სრულმასშტაბიან ესკალაციაზე წასვლას უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება „მსოფლიო ომი“ გამოიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა განაცხადა 11 მაისს ფორუმზე „უკრაინა 30. ქვეყნის უსაფრთხოება“.
„მზად ვართ თუ არა ჩვენ, მზად არის თუ არა მსოფლიო სრულმასშტაბიანი ომისათვის? ვფიქრობ, რომ ამისთვის სრულიად არავინ არ არის მზად. ამას ვგრძნობთ იმ სიგნალებით, რომელიც ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მხარდაჭერის ნიშნად მივიღეთ აშშ-ისა და ევროკავშირისგან. მიმაჩნია, რომ ამაზე რუსეთი ვერ წავა, რადგან ეს შესაძლოა ნიშნავდეს მსოფლიო ომს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
5 მაისს, პენტაგონზე დაყრდნობით, გაზეთი The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ძალის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა უკრაინის მოსაზღვრე ოლქებიდან. ხოლო დაახლოებით 80 000 რუსი სამხედრო თავისი შეიარაღებით გასულ კვირაში ჯერ კიდევ იყო დისლოცირებული უკრაინის საზღვრის ახლოს, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მიერ სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური ზრდაა.
www.radiotavisupleba.ge