პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომებზე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების საკითხი გამოიკვეთა.
შეხვედრაზე თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსახლკარობის პრობლემაზე მუშაობის ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი სწორედ ეს საკითხია და თემატური ჯგუფის ფორმატში, ძირითად აქტორებთან ერთად გადაწყდა განხილული იქნას ყველა ის მოსაზრება და რეგულაცია, რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მომავალში უსახლკარობის პრობლემისგან ეფექტურად დააზღვევს.
„დიდი თემაა, დიდი სამუშაოა, ამ კომპონენტის და ელემენტის გარეშე, ბუნებრივია, საერთო რეკომენდაციები უსახლკარო მოქალაქეებთან დაკავშირებით ვერ შემუშავდება, ამაზეც პარლამენტს უნდა გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და ასეთი მოსაზრებების ჩამოყალიბება შესაძლებელია მსგავს ფორმატებში, როდესაც ის აქტორები, ვინც პოლიტიკას ქმნიან და ახორციელებენ, ეძებენ გამოსავალს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. შეხვედრას თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.