საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ახლა იმის დრო არ არის, რომ საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდეს. მინისტრის ცნობით, უკრაინაში ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
"ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე, ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
[...] ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფოინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ". – თქვა ზალკალიანმა რუსთავი 2-თან.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, 2020 წლის 8 მაისს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. შარაშენიძე უკრაინიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.