საქართველოს აეროპორტებს ახალი მიმართულებები ემატება. თემასთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, გიორგი მოლოდინაშვილმა ისაუბრა.
მოლოდინაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უახლოეს მომავალში, სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის.
„ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უახლოეს მომავალში, „ათა ეარლაინსი“ და ქეშმეარი“ შემოდიან, რომელიც თეირანის მიმართულებით კვირაში ორჯერ განახორციელებენ ფრენებს. სიახლეა თელ-ავივის მიმართულებითაც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემატება ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ , რომელიც ისრაელის ქალაქ თელ-ავვის მიმართულებით, კვირაში 1 სიხშირით იფრენს“ , - აცხადებს მოლოდინაშვილი.
სიახლეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. მოლოდინაშვილის განცხადებით, ზაფხულის სეზონიდან ქუთაისსა და კიევს შორის ავიარეისები უკვე ყოველდღიურად განხორციელდება. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დაინტერესებულ ავიაკომპიასთან და შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ახალი მიმართულებები დაემატოს.
„ გარდა ახალი მიმართულებებისა, რომელიც ბერლინის, მიუნხენის,მილანის, დორტმუნდის, სალონიკის, ლარნაკასა და სოფიას მიმართულებით ავიარეისებს მოიცავს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალიან ბევრ ავიაკომპანიასთან და მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია თუმცა, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება,იქნება მიღებული, ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ დადასტურებულად ამ თემაზე საუბარს. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დაახლოებით ზაფულის სეზონიდან ველოდებით ახალ მიმართულებებს“ , - ამბობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, გიორგი მოლოდინაშვილი.
ამასთან, როგორც ცნობილია, სიახლეა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმიდან 5 ახალი რეგულარული მიმართულება დაემატება, მათ შორის: აქტაუს, შარჟას, თელ-ავივის, ოდესისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით.