ზაალ უდუმაშვილის თქმით, არჩევნების შედეგების საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ კენჭისყრიდან 3 თვის შემდეგ ცესკოს დოკუმენტაციაში ცდომილების აღმოჩენა შეუძლებელი იქნება.
„აქ მთავარი ის არის, რომ 3 თვის შემდეგ რაც არ უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად ვერაფერს მივაგნებთ. წარმოიდგინეთ, 31 ოქტომბრის ღამეს როგორ დაწერეს ოქმები, ახლა, ამ 3 თვის განმავლობაში ყველაფერი გადასწორებული, ჩასწორებული და მართლაც გადაწიკწიკებული ექნებათ, ხომ, ვინ შეუშლიდათ ხელს. ამიტომ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს. საგამოძიებო კომისია კი არა, 31 ოქტომბრის შემდეგ რაც მოხდა და როგორც მიიტაცეს არჩევნები, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
11 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, შემდეგი არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.
imedinews.ge