ყველი და რძის პროდუქტები ირანული რძისგან: რა საფრთხეს ხედავენ ქართველი ფერმერები?

ყველი და რძის პროდუქტები ირანული რძისგან: რა საფრთხეს ხედავენ ქართველი ფერმერები?

access_time2019-12-07 18:00:38

„ბოლო

 დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე, რომელზეც აქტიურად გადავიდნენ ჩვენი გადამამუშავებელი საწარმოები, განსაკუთრებით დიდი კომპანიები. მისგან ყველაზე სარფიანად მზადდება ყველი. დაახლოებით 30%-ით მეტ მოგებას იღებენ. საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის მისი რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა მისი წარმოშობის სერტიფიკატი, ან რამდენად გამართლებულია ამ მასისგან მიღებულ პროდუქტს საღი რძისგან მიღებული დაეწეროს“? - დაწერა ორიოდე დღის წინ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე და პოსტს ირანული პასტერიზებული რძის კონტეიენერის ფოტოც დაურთო.

რუსუდან გიგაშვილი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსგან და სხვა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს შემოწმდეს საქართველოს ბაზარზე ირანიდან ცოტა ხნის წინ შემოსული გაყინული რძე, რომლითაც საქართველოში ყველს, ხაჭოს და რძის სხვა პროდუქტებს ამზადებენ.

რუსუდანი ამბობს, რომ მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, ის ირანული რძისგან დამზადებულ ყველს მიირთმევს თუ ქართველი მერძევე ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტებს.

„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი იმაზეც წუხს, რომ ადგილობრივ ფერმერებს, ვინც ნედლ რძეს აწარმოებს, დავარდნილი ფასის გამო რძის წარმოება აღარ უღირთ.

„გვინდა და თუ არა საერთოდ ქვეყანაში რძე? რა პოლიტიკა გვაქვს და რას ვუპირებთ დარგს?! ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიზმებზე რომ ვართ დადუმებულები, ესეც ამ თემის გაგრძელებაა“, - წერს რუსუდან გიგაშვილი.

ქართულ ბაზარზე გამოჩენილი ახალი ნედლეული, რომელიც მაღალიცხიმიანობით გამოირჩევა, ბიზნესს მეტ მოგებას უტოვებს - თუ ამ კუთხით შევხედავთ, ამბობს რუსუდან გიგაშვილი, ბიზნესის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილებაა:

„დაასხამ სამ ლიტრ წყალს და მშვენიერი ყველი გამოდის, გადამამუშავებელ საწარმოებს კი საერთოდ აღარ უღირთ ნედლი რძის შესყიდვა“, - გიგაშვილის ეჭვებს თავად ნედლეულის ხარისხის თაობაზე საფუძვლად ის უდევს, რომ ეს პროდუქცია ირანიდან შემოდის და არა რომელიმე ევროპული ქვეყნიდან:

„რა ვიცით მის შესახებ? შემოწმებულია? ჩვენს ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება თავად პროდუქციამ? ირანზე გვაქვს საუბარი, სადაც ძალიან მარტივად შეიძლება საჭირო დოკუმენტაციის გაყალბება. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ ზუსტად რა პროდუქტია ეს და მეტიც, ეს ინფორმაცია ეტიკეტზეც ეწეროს. იქნებ მე არ მინდა ირანული გაყინული რძისგან ნაწარმოები რძის ყველის ყიდვა? იქნებ მე, მაგალითად, დედოფლისწყაროს ფერმაში ნაწარმოები ნედლი რძისგან დამზადებული ყველი მინდა ბავშვს ვაჭამო?“

მეორე პრობლემა, რომელზეც მერძევეთა ასოციაციაშიც საუბრობენ, არის ის, რომ ირანული რძის შემოტანის შემდეგ, დიდმა კომპანიებმა ქართული ნედლი რძის შესყიდვას მოუკლეს და ყველის, ხაჭოს, არაჟნის და სხვა პროდუქტების დამზადება ამ პასტერიზებუული რძისგან დაიწყეს. და თან ეს იმ ფონზე, როცა რძის პროდუქტების უდიდესი ნაწილი საქართველოში ისედაც რძის ფხვნილისგან მიღებული რძისგან მზადდება.

„ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა რძის პროდუქტი მალე ან რძის ფხვნილზე ან ირანიდან შემოტანილი ამ გაყინული რძისგან იქნება დამზადებული და ქართული ნედლი რძე საერთოდ გაქრება“, - ეჭვობს მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე.

იმ პროდუქტებს, რომლებიც ირანული რძისგან მზადდება და მაისის შემდეგ იყიდება საქართველოს ბაზარზე, არ აწერია თუ რა წარმომავლობის რძისგანაა ის დამზადებული.


ამის ვალდებულება, როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოში განგვიმარტეს, მწარმოებელს არც აქვს - წარმომავლობა აუცილებელია ეწეროს თავად ნედლეულს - ანუ შემოტანილ რძეს. მისგან დამზადებულ პროდუქტზე კი აღნიშნული უნდა იყოს ის, პროდუქცია საღი რძისგანაა დამზადებული თუ აღდგენილი რძისგან - იგივე რძის ფხვნილისგან.

 

ირანული პასტერიზებული რძის წარმომავლობის შესწავლის მოთხოვნა სააგენტოსგან ფერმერებმაც მოითხოვეს და სააგენტოს წერილით უკვე მიმართეს.

საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველად მაშინ დაეჭვდა, როცა ყველის გაყიდვებმა იკლო. დაინტერესდა რა ხდებოდა და გაარკვია, რომ გადამამუშავებელმა კომპანიებმა პროდუქციის წარმოება ახლადშემოტანილი ირანული რძისგან დაიწყეს, რომელიც საქართველოში უკვე ტონობით იყიდება.

ქართველები ფერმერები ამბობენ, რომ ნედლ რძეზე ფასს მეტად ვეღარ დააგდებენ - მაშინ წარმოება უნდა დახურონ. მაგალითად, „შირაქი“ ერთ ლიტრ ნედლ რძეს 1 ლარად და 40 თეთრად აბარებს გადამამუშავებლ საწარმოს. თუმცა ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ქართულმა ფერმებმა რომ არსებობა შეძლონ, ლიტრი რძე ლარნახევრად და 1,55-დ მაინც უნდა გაიყიდოს. ფასს ვერ აგდებენ იმიტომაც, რომ ძროხის საკვები, რომელიცსაქართველოში არ იწარმოება, საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მის გარეშე კი ძროხა ხარისხიან რძეს ვერ მოიწველის.

„მე მესმის, რომ დიდ კომპანიებს თავისი დღისწესრიგი აქვთ, ეს ბიზნესია და რაც უფრო მომგებიანია, ცხადია, იმ გზას დაადგებიან, ჩვენი წარმოების განვითარებაზე ისინი არც არიან მოვალე იზრუნონ, მაგრამ სად არის ამ დროს სახელმწიფო? მაგალითად, ევროპაში ეს სფერო სუფსიდირებულია და იქაურ ფერმერებს ძალიან იაფი უჯდებათ საკვები, ამიტომ რძესაც ნაკლებ ფასად აბარებენ. ჩვენ კი დღგ-ც ვერ მოვახსნევინეთ მთავრობას. მოკლედ, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ნედლი რძის მოთხოვნა საქართველოში არ არის. გამოდის, ტყუილად ვწვალობთ ფერმერებიც“.

მერძევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც რამდენიმეწლიანი მხარდაჭერის და მკაფიო პოლიტიკის გარეშე ეს სექტორი ვერ განვითარდება.

„თუ სხვა გზა ვერ ვიპოვეთ, ჩვენც შევწყვეტთ საღი რძის წარმოებას და ჩვენც გადავალთ სხვა ნედლეულზე, ოღონდ, ცხადია, ეტიკეტზე მითითებით. თუმცა ჯერ ვუძლებთ და ამიტომ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, შეამოწმოს რა შემოდის ბაზარზე, რა გვიწევს კონკურენციას... მაშინ რისთვის ვაკეთებთ ამ ფერმებს? სახელმწიფომ მარტო იაფი სესხი რომ მოგვცეს, ისიც დოლარში და შუა გზაში მიგვატოვოს? ასე არ ვითარდება მერძეული მესაქონლეობა ქვეყანაში. ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ ნედლი რძის გარეშე ბავშვი ჯანმრთელი ვერ გაიზრდება - მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ასე დგას ეს საკითხი. იქნებ ჩვენც ასე შევხედოთ“, - გვითხრა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ირანული რძე, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოში მოქმედ რძის გადამამუშავებელ კომპანიებში უკვე წარმატებით იყიდება, საქართველოში მაისის თვეში გამოჩნდა.

ირანული პასტერიზებული მაღალცხიმიანი რძე, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქართველოში კომპანია „ალანდონ კაპიტალს“ შემოაქვს. მისი დამფუძნებელმა, გელა ზარქუამ გვითხრა, რომ ეს არის ნატურალური პროდუქტი - ძროხის პასტერიზებული რძე, რომელიც საქართველოში მართლაც ირანიდან შემოაქვს, გაყინული სახით და ის წყლით რეგულირდება.

„უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, სპირტი რომ ავიღოთ და მისგან ვაწარმოოთ არაყი. ან ლიქიორი. ასეა აქაც. ამ ნედლეულიდან წყალი ამოტუმბულია და აქ ამატებენ უკვე ქართულ წყალს გადამამუშავებელი კომპანიები. რაც შეეხება თავად რძეს, ის, ცხადია ჯერ ირამში მოწმდება და შემდეგ, ყველა შემოტანაზე მოწმდება საქართველოს საბაჟოზეც. რამე პრობლემა რომ ყოფილიყო, აქამდე გვეცოდინებოდა“.

გელა ზარქუა პასუხს მხოლოდ მის მიერ შემოტანილ ირანულ რძეზე აგებს და ამბობს, რომ მისი შემოტანილი პროდუქტი „სუფთა და წკრიალა, ყველა სტანდარტს რომ შეესაბამება, ისეთი რძეა“, რაც შეეხება იმას, თუ რას აწერენ უკვე მისგან დამზადებულ ყველს თუ ხაჭოს, ეს მწარმოებლების პასუხისმგებლობაა. შემოწმება კი სახელმწიფოს პრეროგატივა. ირანული კომპანია კი, რომლისგანაც გელა ზარქუას კომპანია ამ რძეს ყიდულობს, მისი თქმით, დიდ კონცერნია, რომელსაც ირანში 16 ქარხანა აქვს, საიდანაც არაერთი ქვეყნის ბაზარი მარაგდება. მათ შორის, რუსეთის ბაზარიც.

არის თუ არა ქართული ნედლი რძის ირანული რძით ჩანაცვლების მიზეზი დაბალი ფასი? ამ კითხვაზე გელა ზარქუა გვპასუხობს, რომ არა. მიზეზი ის არის, რომ საქართველოში არ იწარმოება საკმარისი რაოდენობით ნედლი რძე:

„მოდით, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ - დავუშვათ, მე დღეს მჭირდება 200 ტონა რძე. თუ თქვენ დღესვე ამ რაოდნეობის რძეს მაყიდინებთ საქართველოში, მე ამ ბიზნესს გავაჩერებ. ვერ მაყიდინებთ. მე კი შემიძლია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას დღესვე 300 და 500 ტონა რძე მივაწოდო. საქართველოში წარმოებულმა ნედლმა რძემ ქარხნები რომ დააკმაყოფილოს, მაშინ არც ამ რაოდენობის რძის ფხვნილის იმპორტი იქნებოდა გვეყანაში“, - გვითხრა გელა ზარქუამ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის მოკვლევა მერძევე ფერმერების წერილის მიღების შემდეგ დაიწყო. მათ ჯერ არა აქვთ პასუხი კითხვაზე რამდენად აკმაყოფილებს ირანული რძე კანონმდებლობით გათვალისწინებით მოთხოვნებს და მის შესწავლას დრო დასჭირდება. თუმცა გვითხრეს, რომ შეუმოწმებელი პროდუქცია საბაჟოს ვერ გადმოკვეთდა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა პასუხი აქვს სახელმწიფოს მერძევე ფერმერების ჩივილზე, გვითხრეს, რომ სააგენტო არ არის ის უწყება, ვინც ამ კითხვას უპასუხებს და რომ ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასწარმოქმნაში სახელმწიფო არ ერევა.

თავისუფალი ბაზრის კანონებს კარგად იცნობს „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილიც, თუმცა მაინც ამბობს, რომ ბიზნესის გარდა არსებობს ადგილობრივი ფერმერების ინტერესებიც:

„ბიზნესისთვის ეს მომგებიანი გზაა, ქვეყნისთვის კი წამგებიანი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

 

რადიო „თავისუფლება“


თეგები:
ყველი



„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში
access_time2020-08-12 13:00:59
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ვებომეტრიქსმა“ (http://www.webometrics.info/), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. „ვებომექტრიქსი“ იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები...

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...


მსგავსი სიახლეები

up