ყველაფერი არის ძალიან მძაფრი სიგნალი საქართველოს მთავრობის მიმართ რომ გამოფხიზლდნენ ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ქვეყნისთვის ესეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს და გადახედონ თავიანთ პოზიციას - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს.
მისი განცხადებით, აღნიშნული წერილი დემონსტრირებაა იმის რომ ,,ქართული ოცნების" ტყუილს არავინ იჯერებს და ანაკლიის პროექტის შეჩერების გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობას.
,,ტყუილებს, რომელსაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა და მისი წარმომადგენლები არავინ იჯერებს. პირდაპირ იგრძნობა, რომ ანაკლიის პროექტი მიზანმიმართულადაა შეჩერებული. ამიტომ ეს აღქმულია ჩვენი მეგობრების მიერ, როგორც ანტიამერიკული ნაბიჯი, ნაბიჯი სტრატეგიული პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს და ემსახურება ასევე საქართველოს და შეერთებული შტატების ერთობლივ ინტერესებს. ამიტომ ეს წერილი არის დემონსტრირება იმის რომ ამ ტყუილს და სიცრუეს, რომელსაც ავრცელებდა საქართველოს მთავრობა არავინ იჯერებს და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის და შეერთებული შტატების ურთიერთობას. როგორც ჩანს ასეთი განცხადებები იქნება განმეორებადი მას შეუერთდებიან სხვა ცნობილი პოლოტიკოსებიც. წინა კვირას კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა კანონპროექტს სანქციებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან მძაფრი სიგნალი საქართველოს მთავრობის მიმართ რომ გამოფხიზლდნენ ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ქვეყნისთვის ესეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს და გადახედონ თავიანთ პოზიციას. ასევე კიდევ ერთხელ გააცნობიერონ, რომ ისინი ამ თავიანთი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ზიანს აყენებენ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან. გადახედონ და დღევანდელი კორონავირუსით შექმნილი უმძიმესი ფონის გათვალისწინებით გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში - ეს არის ანაკლიის პროექტის განახლება, მისი გაგრძელება"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.