ამ კრიზისის დამარცხებაში ყველამ საკუთარი როლი უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ ფედერალური მთავრობა ამას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერში“ გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, სადაც ის ამერიკელებს კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.
არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველამ ის უნდა აკეთოს, რისი გაკეთებაც შეუძლია.
„თითოეულ ჩვენგანს საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა გვაკისრია. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ვირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია,“- აცხადებს ბაიდენი.
მისი თქმით, ეს არის არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ თხოვნა, რომელიც მეცნიერებას ეფუძნება.
შეგახსენებთ, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 270 000-ზე მეტი ადამიანი.