„შევიმუშავეთ ფრანშიზის სისტემა და სურვილი გვაქვს რეგიონებში გავიტანოთ. შემოთავაზებები იყო უცხოეთიდანაც, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს რეგიონებში გავალთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელმა ნუკა ჩოხელმა განუცხადა.
ნუკა ჩოხელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ პანდემიამდე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და დღეისათვის მიუხედავად არსებული სიტუაციისა, დაინტერესება დიდია და უკვე სხვადასხვა რეგიონში მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
„პირველ ბაზრად ყველაზე დიდი მოთხოვნა დიდ ქალაქებშია. გვსურს, რომ იყოს ოჯახი, რომელიც ამ სფეროთია დაინტერესებული, დანარჩენ დეტალზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, მაგალითად როგორიცაა თანამშრომლების ტრენინგი, გახსნის ღონისძიების ორგანიზება, მარკეტინგული დაგეგმვა, პირველ ეტაპზე შეკვეთების გადამისამართება, ასევე ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ გამართულობას და პროგრამულ დანერგვას, რომელშიც ხდება მუშაობა. გარდა ამისა, შეგვეხმიანა გორი და მარნეული, მათგანაც დიდი დაინტერესებაა და შეიძლება ისინიც განვიხილოთ. ჩვენი სურვილია რომ „ამელი“ უფრო მეტ ქალაქში იყოს და ჩვენს პროდუქციას ბევრი ადგილობრივი იცნობდეს“, - განმარტავს ნუკა ჩოხელი.
ყვავილების მაღაზია „ამელი“ 2015 წელს დაარსდა. მაღაზიის გარდა, „ამელის“ ყვავილების შეძენა ვებ-გვერდის საშუალებით ონლაინაც არის შესაძლებელი.
ნინო თამაზაშვილი