ყვარელის მუნიციპალიტეტში, ვენახებით გარშემორტყმულ სივრცეში „ღვინის სოფლის“ მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც „კომერსანტს“ იდეის ავტორმა გიორგი ბეგაძემ განუცხადა, პროექტი ეთნიკური ელემენტებით გაჯერებულ ღვინის სახლებსა და დაახლოებით 4 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიცავს.
„პროექტის განხორციელება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა იდეის განხილვა და დალაგება საკმაოდ დიდხანს მიმდინარებობდა. ეს არის თანამედროვე ტიპის ეთნო ღვინის სოფელი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ საუკეთესო რაიონში მდებარეობს.
ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს პროექტი, ეს ამბიციური პროექტია, რომელიც გვანახებს, თუ როგორი დასახლებები სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ასევე, კახეთი 4 სეზონიანი რეგიონია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვისაც მიმზიდველია. რაც ნიშნავს იმას, რომ მყიდველისთვის ძალიან მომგებიანი ინვესტიციაა. ერთი მხრივ მათ აქვთ საუკეთესო ხედებით გარშემორტყმული აგარაკი, საკუთარი სახელობის ღვინოს აწარმოებენ და მომავალ თაობას სამშობლოს უფრო მეტად აყვარებენ. მეორე მხრივ, შეუძლიათ გააქირაონ აღნიშნული სივრცე“, - აცხადებს გიორგი ბეგაძე.
„ღვინის სოფლის“ პროექტი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციებითა და თანამედროვე სტანტარტებით აშენებულ, ენერგოეფექტურ სახლებს მოიცავს, გაყიდვების ფაზაში პანდემიის დროს შევიდა. თუმცა, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, საზოგადოებაში პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და კომპანიამ რამდენიმე სახლის დაკვეთაც მიიღო.
გიორგი ბეგაძის განმარტებით „ღვინის სოფელში“ აუზი, საბავშვო გასართობი სივრცე და საკონფერენციო დარბაზი გაკეთდება, სადაც ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენები და ფესტივალები მოეწყობა.
„როგორც იდეის ავტორს, მე მაქვს ამბიციური გეგმები, რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში არსებობდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სტანდარტით შექმნილი, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ობიექტები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ინვესტიციებს, რომელიც ქვეყნის მთავარ ღირებულებებსა და მიმართულებებს მოიცავს, გარკვეული პროექტების სახე მიეცეს.
ჩემს კონცეპტუალურ ხედვაში სამომავლოდ ყველა რეგიონი მოიაზრება, უბრალოდ ყველას სხვადასხვანაირი თემატიკისა და შინაარსის პროექტი სჭირდება. ღვინის მიმართულებით ჩვენს სამშობლოს 8 000 წლიანი გამოცდილება აქვს და ამიტომ დავიწყეთ ღვინის თემატიკის გაძლიერება. ეს ტურისტული პროდუქტია, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ღვინის სამშობლოში ღვინის სოფელი უნდა არსებობდეს. გვინდა, რომ ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რასაც ჩვენი წინაპრები უფრთხილდებოდნენ გავაძლიეროთ, პროექტებად ვაქციოთ და ხელშესახები იყოს“, - განმარტავს გიორგი ბეგაძე.
„ღვინის სოფელში“ არსებული სივრცეების ღირებულება დაახლოებით 140 000 ლარია. 150 კვ.მ-ის ფართობი ეთნო ელემენტებით გაჯერებულ, ენერგოეფექტურ 60 კვ.მ-ის ფართობის ორსაძინებლიანი სახლი, გაშენებულ ხეხილსა და საფერავის ან რქაწითელის ვენახს მოიცავს. გარდა ამისა, დაცულ ტერიტორიაზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ვენახის ტერიტორიის მოვლის სერვისები იქნება უზრუნველყოფილი.
ანი ცარციძე