რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური გამოსვლა გამოიყენა საშინაო პრობლემებზე სალაპარაკოდ, მათ შორის, ზომებზე, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის შემცირებას უნდა დაუპირისპირდეს.
15 იანვარს ქვეყნის ორპალატიანი პარლამენტის, ფედერალური საბჭოს წინაშე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ქვეყანაში შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერისთვის. პუტინის თქმით, დაბალი შემოსავლები რჩება წინაღობად მოსახლეობის ზრდისთვის, რომელიც ახლა 147 მილიონ ადამიანს ითვლის. შობადობის ხელშესაწყობად პუტინი გამოვიდა პირობით, რომ მთავრობა დამატებით სუბსიდიებს შესთავაზებს ბავშვებიან ოჯახებს.
პუტინის გამოსვლის ფონია რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვის ნაბიჯების გამო უკრაინაში, სირიასა და ასევე აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. სანქციები აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, იწვევს სიღარიბის მაჩვენებლის მატებას და მოსახლეობის უკმაყოფილებას, რაც გამოიხატა გასულ ზაფხულს, მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციებით.
67 წლის პუტინი უკვე ორი ათწლეულია დომინანტურ ფიგურას წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, ის 1999 წლიდანაა პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე. 2018 წელს ის კიდევ ერთი, ექვსწლიანი ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად.
ყოველწლიური გამოსვლა ერთ-ერთია იმ სამი საჯარო ღონისძიებიდან, რომელსაც პუტინი ყოველ წელს მართავს. დანარჩენი ორია მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის ღონისძიება და ყოველწლიური პრესკონფერენცია.
წყარო: რადიო თავისუფლება