იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების დედაქალაქისთვის დაბრუნების შემდეგ, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
კახა კალაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, თბილისის მერიამ ხანგრძლივი შრომა გასწია.
თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული და იქ მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. რაც მერიაში დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირადად ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, მე და ჩვენი თანამშრომლები ჩართულები ვიყავით მოლაპარაკებებში, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია შეთანხმებას იმისთვის, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. წარმატებით განვახორციელეთ ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ეს ადგილი აღვადგინოთ პირველადი სახით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი, რომლის პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა.
გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174 კვ.მ ფართობზე, ორი წლის ვადაში, უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული) და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 070 ლარს შეადგენს.