ყაზახეთში  ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო

ყაზახეთში ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო

access_time2019-03-20 20:30:32


ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომასთან დაკავშირებით ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით  2019 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის პროცედურის განმარტებასთან დაკავშირებით მიმართა.


პროცესი კი  ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც ყაზახეთში მიღებულ იქნა კანონი ეროვნული ლიდერის - ელბასის - თაობაზე, რომელმაც მიანიჭა ამ ახალი სტატუსის მატარებელს გარკვეული, პრეზიდენტისგან დამოუკიდებელი, უფლებამოსილება.


ამას დაემატა 2018 წელს მიღებული კანონი უშიშროების საბჭოს თაობაზე, რომელიც გარდაიქმნა არა სათათბირო, არამედ მაკოორდინირებელ საკონსტიტუციო ორგანოდ და მისი თავჯდომარე გახდა თავად ნაზარბაევი.


ამბობენ, რომ პრეზიდენტზე დიდი გავლენა მოახდინა მეზობელ უზბეკეთში მომხდარმა მოვლენებმა, სადაც იქაური დიქტატორის ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დიდი არეულობა და გაურკვევლობა იყო. თანაც,  ყველაფერი დასრულდა გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების დაუნდობელი დევნით - კარიმოვის ერთი ქალიშვილი გაიქცა, ხოლო მეორე დღესაც რჩება პატიმრობაში.


„ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდნენ, საკითხავი იყო მხოლოდ როდის წავიდოდა იგი  ამ კანონზომიერ ნაბიჯზე,“ - ამბობს ექსპერტი ცენტრალური აზიის საკითხებში არკადი დუბნოვი.


ნაზარბაევი არის ძალიან გამოცდილი, ფრთხილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ამიტომაც მან გადაწყვიტა წინასწარ დაეწყო ძალაუფლების გადაცემის პროცესი - ის ხომ უკვე 79 წლისაა, თანაც  ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.


ექსპერტის აზრით, უზბეკეთის ისტორია აღმოჩნდა მისთვის კარგი ჭკუის სასწავლებელი.


„ის მიხვდა, რომ აუცილებელია სანდო მემკვიდრეს მომზადება, გაძლიერება და არსებული კურსის გარანტირებული შენარჩუნება რყევების და არასტაბილურობის გარეშე. ეს პროცესი უნდა დაიწყოს თავად პრეზიდენტმა და მანვე უნდა აკონტროლოს მთელი პროცესი“ - თვლის დუბნოვი.


თუმცა, გადადგომის შემდეგაც ნაზარბაევი დარჩება ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად, თანაც მას, როგორ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის ხელმძღვანელს და ეროვნულ ლიდერს (ელბასის) აქვს საკმარისი ბერკეტები სიტუაციის სრული კონტროლისთვის.


„წლების მანძილზე ნაზარბაევი უყურებდა ხელისუფლებების ცვლილებების პროცესს მეზობელ ქვეყნებში. მას არ სურს ძალადობრივი წასვლა, როგორც ყირგიზეთში და არ უნდა მოკვდეს თავის პოსტზე, როგორც კარიმოვი. ამიტომაც მან აირჩია წასვლის და ძალაუფლების კონტროლირებადი გადაბარების პროცესი,“  - მიიჩნევს College of International Security Affairs პროფესორი ერიკა მარატი.


რა შეუძლია ელბასის?


ეროვნული ლიდერის კანონის თანახმად, პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მიერ წამოყენებული ძირითადი ინიციატივები, რომლებიც განსაზღრავენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უნდა შეუთანხმდეს ელბასის.



თავად ელბასის ასევე აქვს  საკუთარი ინიციატივების და საკანონმდებლო წინადადების წამოყენების უფლება და ეს წინადადებები აუცილებლად უნდა იყოს განხილული შესაბამისი პირების თუ ინსტიტუტების მიერ.


ვინ იქნება მემკვიდრე?


განცხადებაში გადადგომის თაობაზე, ნაზარბაევმა ასევე დაასახელა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი  - სენატის თავჯდომარე კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. ძალაუფლების გადაცემის პროცესი ოფიციალურად შედგება დღეს, 20 მარტს.


ეს არის სრულიად კონსტიტუციური გადაწყვეტილება - ქვეყნის მთავარი კანონის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის ამ გარდაცვალების შემდეგ სწორედ პარლამენტის სპიკერი იკავებს პრეზიდენტის პოსტს.


მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები  ყაზახეთში 2020 წელს ჩატარდება. ტოკაევი იყო ერთ-ერთი პირველი ყაზახი პოლიტიკოსი, რომელმაც ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში ნაზარბაევი არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას.


ნაზარბაევმა შეაფასა ახალი პრეზიდენტი როგორც წესიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომლისთვის შეიძლება ქვეყნის მართვის მინდობა და რომელიც მთლიანად უჭერს მხარს არსებულ საშინაო და საგარეო კურსს.


ტოკაევს გააჩნია სერიოზული რეპუტაცია მსოფლიო ისტებლიშმენტში, რომელიც ჩამოუვარდება მხოლოდ ნაზარბაევის ავტორიტეტს.


ის ითვლება ინტელექტუალად, მას აქვს საჯარო პერსონისთვის აუცილებელი ყველა თვისება - ბიოგრაფია სკანდალების და გაურკვევლობების გარეშე და ყველა ჯგუფისგან ერთნაირად დისტანცირებული პოლიტიკოსის იმიჯი.


„ტოკაევი იყო პრემიერ-მინისტრი თანაც საკმაოდ მკაცრი და ხისტი. მას მატებს ძალას ისიც, რომ ის არის შუა აზიაში პირველი კანონიერი მემკვიდრე, რაც  უპრეცედენტოა რეგიონისთვის. ეს ძალიან ძლიერი კოზირია მისთვის საერთაშორისო არენაზე,“ - ამბობს არკადი დუბნოვი.


ვინაა ნურსულთან ნაზარბაევი და რა ვიცით მის შესახებ?


ყოფილი პრეზიდენტი და ბელადი დაიბადა ალმაატის ოლქის სოფელ ჩემოლგანში, მწყემსის ოჯახში.


მან მიიღო საშუალო ტექნიკური განათლება ქალაქ დნეპროდზერჟინსკში, უკრაინაში, შემდეგ დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი კარაგანდაში და წლების მანძილზე მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში.


პარტიულ სამუშაოზე გადავიდა 1969 წელს, 1973-ში კი გახდა კარაგანდის მეტალურგიულ კომბინატის პარტკომის თავჯდომარე. ამის შემდეგ დაიწყო თავბრუდამხვევი პარტიული კარიერა - სულ რაღაც 6 წლის შემდეგ, 1979 წელს ის უკვე გახდა ყაზახეთის პირველი პირი - რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარე.


1990 წელს უალტერნატივოდ აირჩიეს ყაზახეთის პრეზიდენტად. ნაზარბაევი იყო საბჭოთა კავშირის განახლების და შენარჩუნების აქტიური მომხრე და იყო ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. თუმცა მოვლენები განვითარდა სხვაგვარად და ნაზარბაევი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერი.


ამავე დროს, სწორედ ყაზახეთის პრეზიდენტი იყოს დსთ-ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.


ნაზარბაევი არის რეკორდსმენი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე მმართველობაში ყოფნის ხანგძლივობის მხრივ. 1990 წელს ის უკვე იყო დანიშნული პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების გზით   ეს პოსტი მან 1991 წელს დაიკავა.


2010 წელს მიიღო პირველი პრეზიდენტის - ეროვნული ლიდერის - ელბასის - სტატუსი. მის სასახელოდ შემოღებულ იქნა დღესასწაული - 1 დეკემბერი - დღე, როდესაც ნაზარბაევი აირჩიეს პრეზიდენტად.


ნაზარბაევს ჰყავს 3 ქალიშვილი, 8 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი.


მისი უფროსი ქალიშვილი დარიგა ხელმძღვანელობს თავდაცვის, უშიშროების, და საერთაშორისო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტს. დარიგას ყოფილი მეუღლე გაქცეულია აშშ-ში, სადაც დაწერა წიგნი „ნათლი სიმამრი“, სადაც აფასებს ნაზარბაევს როგორც დიქტატორს და უზურპატორს.


ყაზახეთს პრეზიდენტს ბევრს აკრიტიკებენ ავტორიტარული მმართველობის,  პოლიტიკური კონკურენციის განადგურების და ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევების გამო. თუმცა, ამავე დროს, ყველა აღიარებს, რომ ნაზარბაევის რეჟიმი საკმაოდ რბილია, არ გამოირჩევა ზედმეტი სიმკაცრით და სისასტიკით.


ქვეყანაში მაღალია კორუფციის დონე, კლანური მმართველობა და ნეპოტიზმი, თუმცა ამავე დროს, ნაზარბაევის ზომიერი პოლიტიკის და ახალგაზრდა, განათლებულ ადამიანებზე ფსონის დადების წყალობით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ცხოვრების  და სტაბილურობის დონე.


ამას ასევე უწყობს ხელს ქვეყნის სიმდიდრე ბუნებრივი რესურსებით - ნავთობი, გაზი, ურანი, და ა.შ. - შედარებით მცირე მოსახლეობის პირობებში - დღეს ყაზახეთში ცხოვრობს 11 მლნ. ადამიანი.


თენგიზ აბლოთია





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up