ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინის მაისურით, ცსკა-ს წინააღმდეგ, ბოლო მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც "არმიელების" წინააღმდეგ, რუბინის კაპიტანი იყო, სანაკრებო პაუზის შემდეგ, კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს. adjarasport.com-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, მის მენეჯერებთან შეთანხმებით, იტალიელი აგენტებიც მუშაობენ.
ჩვენივე ინფორმაციით, ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, კვარაცხელია თანაგუნდელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს, მათ შორის, გენერალურ დირექტორ რუსტემ საიმანოვს დაემშვიდობა. გარდა ამისა, ყაზანის რუბინის ფოტოგრაფმა, Instagram-ის პირად გვერდზე განათავსა კვარაცხელიას ფოტოები წარწერით "Last Look", რაც ქართველთან ერთგვარ გამომშვიდობებას ნიშნავს.
კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სარაევოში გაემგზავრა და მონაწილეობას ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ალბანეთის წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებში მიიღებს. სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, ქართველი შემტევი ახალ კლუბს შეუერთდება. ჩვენი ინფორმაციით, მას მიწვევა იტალიის Serie A-ს, გერმანიისა და ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბებისგან აქვს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ნაპოლია - არ არის გამორიცხული, ქართველმა კარიერა სწორედ იტალიურ კლუბში გააგრძელოს.
მიმდინარე სეზონში, ქართველმა შემტევმა რუბინის შემადგენლობაში, მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო. მის ანგარიშზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას 25 მარტს, ხოლო ალბანეთის ნაკრებს 29 მარტს დაუპირისპირდება. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მიხედვით, FIFA-ს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტის შეჩერება 30 ივნისამდე შეუძლია, ახალ კლუბს კი 7 აპრილამდე უნდა შეუერთდეს.
adjarasport.com