ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის.
„15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
„ბელავიას“ ინფორმაციით, რეისების რაოდენობას სტამბოლის მიმართულებითაც ზრდიან – კვირაში 10–დან 14 რეისამდე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი შაბათის შუაღამიდან აუკრძალავდა გაერთიანების საჰაერო სივრცეში ბელარუსულ ავიაკომპანიას რეისების შესარულებას. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა პარასკევს ბრიუსელში მიიღეს.
ამ გადაწყვეტილებს საფუძველი მინსკში, 23 მაისს Ryanair–ის რეისის იძულებითი დასმა გახდა. ამის მიზეზი კი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის რომან პროტასევიჩისა და რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას დაკავება იყო.