ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ ციანცზიანის ადგილობრივი ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომების შესახებ ნებაყოფლობით განაცხადებს, ათი ათას იუანს (დაახლოებით 1.4 ათასი დოლარი) გადაუხდის, თუ დიაგნოზი დადასტურდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ეპიდემიის აღკვეთის სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებზეც ეჭვია, რომ ორგანიზმში ინფექცია აქვთ, 2 ათას იუანს (285 დოლარი) მიიღებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიაგნოზი არ დაუდასტურდებათ.
ამგვარი კამპანია ხუბეის პროვინციის სხვა რაიონებშიც ხორციელდება. კამპანიის მიზანი მოსახლეობის სტიმულირებაა, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ კორონავირუსზე სისხლის ანალიზების ჩასაბარებლად.
ამჟამად ციანცზიანში კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews