ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებული ბაკურიანი ისევ „გეგმების“ იმედზეა

ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებული ბაკურიანი ისევ „გეგმების“ იმედზეა

access_time2018-01-18 11:20:20

არც დავოსი და არც ოლიმპიური ქალაქი - ტურისტული პოტენციალითა და ჯერჯერობით მხოლოდ პერსპექტივებით გაჯერებული ზამთრის კურორტი, სადაც მასშტაბური პროექტების პარალელურად, ელემენტარული პრობლემების მოგვარებაც ვერ ხერხდება. რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ბაკურიანის უნიკალური კურორტის განვითარება და რატომ ვერ გადავიდა მთავრობა გეგმებიდან საქმის კეთებაზე?


ზამთრის სეზონის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რომ ბაკურიანში ტურისტები კომფორტულად ვერ ისვენებენ - არ არის ნორმალური გზები, ტროტუარები, პარკინგის ადგილები, დასასვენებელი პარკები, წყალმომარაგება და ზოგადად, ბაკურიანში ინფრასტრუქტურა გაუმართავია. „ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა“, - აღიარა ზურაბ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან, ბორჯომის მერთან და მთის კურორტების განვითრების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, ბაკურიანში გამართულ საგანგებო თათბირზე. „ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, - ესეც მინისტრის ახალი განცხადებაა, და ისევ „ვგეგმავთ(!).


ბაკურიანის განვითარების გეგმების შესახებ წლების განმავლობაში გვესმის, გავიხსენოთ რა „იგეგმებოდა და ისიც გავიგოთ, პრობლემების აღიარების პარალელურად, რა ხდება ზამთრის ამ კურორტის განვითარების მიმართულებით?


„სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია“

 

„შემოხვალ იახტით, ჩამოხვალ, დაჯდები მანქანაზე, ახვალ მთაში, ისრიალებ თხილამურებით და წახვალ. ვინ არ ჩამოვა დასასვენებლად ასეთ ადგილზე?, - ამბობდა 2010 წელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.



2010 წელს, როდესაც მთავრობამ სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებაზე აქცენტის გაკეთება და ამგვარად, ეკონომიკის „მთავარ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა - „ყველას შევუწყობთ ხელს და იქნება უფრო დიდი და სწრაფი მშენებლობა, ვიდრე აქამდე იყო. იქნება მაქსიმალურად ლიბერალური რეჟიმი, მაგრამ იქნება ყველაფერი მოწესრიგებული, იმიტომ რომ მე მინდა, საქართველოში ვაშენებდეთ არა ახალ საბჭოთა კურორტებს, არამედ ვაშენებდეთ ახალ დავოსებს და ა.შ..



მაგრამ როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს პროცესი იმდენად ქაოტურად დაიწყო, რომ სამთო კურორტების რეალურად განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება. ამ პრობლემაზე მიუთითა 2016 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

„ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - საქართველოს სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა, - განაცხადა მაშინ პრემიერმა.

 

უფრო კონკრეტულად კი, ჯერ კიდევ 2016 ივლისში დაანონსდა, რომ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების, დიდი მიტარბის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი კი, საქართველოს რეგიონებში ტურისტულად მიმზიდველი დასახლებების განაშენიანებისა და სივრცით-ტერიტორული მოწყობისთვის აუცილებელი პირობაა.


 

და რა ხდება 2018 წლის იანვარში? - როგორც „კომერსანტს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, „ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასრულებულია და ახლა ამასთან დაკავშირებით მთავრობაში განხილვები მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს მომავალში დამტკიცდება. იმ შემთხვევაში თუ შენიშვნა იქნება, ჯგუფი ამ ყველაფერს გამოასწორებს. დაახლოებით ორ კვირაში ის დამტკიცდება და დაიწყება იმ გეგმის შესრულება რაც ბაკურიანს ქაოტური განაშენიანებისგან დაიცავს. გვექნება ბაკურიანის განვითარების სამოქმედო გეგმა.

 


„გრანდიოზული გეგმები - 2015-2018 წლები“



საინტერესოა, რომ ბაკურიანის „ყველაზე მასშტაბურ პროექტზე მუშაობა, ანუ იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარების „დაწყება პრაქტიკულად ყოველწლიურად ხდება. ჯერ კიდევ 2015 წელს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და „ჯიარდისი ჰოლდინგში შემავალ შპს „ახალ მიტარბს შორის მემორანდუმი გაფორმდა. „თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 2015 წლის ივლისში განაცხადა, რომ ბაკურიანის პროექტი ყველაზე მასშტაბურია ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იწყებს პროექტს. ხაზარაძე ამბობდა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარს გადააჭარბებდა და 2 წელიწადში დასრულდებოდა.


მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, როგორც შესაბამის სტრუქტურებში აცხადებდნენ, უნდა დაინერგოს ოთხ-სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას.

 

და ისევ 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, რა ეტაპზეა „უპრეცედენტო პროექტი - „ჩვენი საქმიანობა რაც იყო თითქმის ყველაფერი გაკეთდა. დადგმულია სამი საბაგირო კოხტაზე და მიტარბზე. ასევე წელს ზაფხულში ჩაბარდება სასტუმრო Rooms-ი. მიტარბზე ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზე განხილვა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს თვეებში დასრულდება და დაიწყება მიტარბში კომპანიების მიერ სხვადასხვა სახის მშენებლობების პროცესი, - ამბობს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.

 

ისევ მხოლოდ პერსპექტივა?

 

სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლებამ კიდევ ერთი - ბაკურიანის რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად ჩამოყალიბება ისურვა. 2010 წელს, სააკაშვილის მიერ ნახსენები - დავოსის პერსპექტივა აქტუალობას ინარჩუნებს. მაგრამ სპეციალისტები ბაკურიანის „დავოსად ქცევას. შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ. ისინი რემდენიმე პრობლემურ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, ბაკურიანში ყველაფერი კერძო საკუთრებაშია და ძალიან ცუდადაა დაგეგმილი, თან ინფრასტრუქტურა ქაოტურია, გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ბაკურიანი ურბანულად ძალიან ცუდად არის განსახლებული.

 

2018 წლის იანვარი. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი - „პირველი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იყო რაც გაკეთდა, თუმცა მის განხორციელებას რამდენიმე წელი სჭირდება. მთავარი ისაა, რომ კურორტი სწორი მიმართულებით განვითარდება და ბაკურიანში აღარ იქნება ქაოტური განაშენიანება რათა დავოსი ვერ გახდეს. კურორტზე განვითარების პროცესი მიმდინარეობს და 2-3 წელში უკეთესი ბაკურიანი გვექნება ვიდრე ამ ეტაპზეა.
ბაკურიანის განვითარების მასტერ პლანი ჩვენთვის ცნობილია და ამ ეტაპზე განვითარების სამუშაოები მიმდინარეობს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ყველას გაუადვილებს თავისი საქმიანობის ბაკურიანში განხორციელებას. სხვადასხვა სახის შიდა საკითხები მთავრობის სხდომაზე გადის და მონდომება დიდია, რომ არსებული პრობლემები მოწესრიგდეს. მაგალითად ამჟამად საცობისგან განტვირთვის თემები განიხილება. ასევე წყლის მიწოდების პრობლემები მოგვარდება.


ბაკურიანი - მომავალი ოლიმპიური ქალაქი - რა გაკეთდა ამ მიმართულებით?



წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 2016 წლის სექტემბერში, ზამთრის კურორტების და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ისევ დაასახელა. თუმცა ამჯერად აქცენტი გაკეთდა „ოლიმპიურ ინფრასტრუქტურაზე.

 

გეგმის მიხედვით ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის მოწყობა, სატრამპლინო სკოლის აღდგენა, ჰოკეის 1000-კაციანი მოედანის აშენება და სხვა „გასართობი, ახალგაზრდული ცენტრები უნდა აშენდეს. პრემიერი კვირიკაშვილი ამბობდა, რომ „ბაკურიანში იკვრება სრული წრედი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების. რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით, 10 წლიან პერსპექტივაში ოლიმპიადა ჩატარდეს.

 

2018 წლის იანვარი, რა ხდება ბაკურიანში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით? „კომერსანტის ამ კითხვასაც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი პასუხობს - „ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის პროექტირება დასრულებულია. მის დაპროექტებაზე დაახლოებით 786 500 ლარი გამოიყო, ამ ეტაპზე გარკვეული კომპონენტების ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი მისი მშენებლობისთის განკუთვნილი თანხების მოძიება მოხდება პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. რაც შეეხება ჰოკეის დარბაზს მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე 3 000 ადამიანზე გათვლილ ყინულის დარბაზს აშენებს და ის ორ წელში დასრულდება. ორივე ოლიმპიური სტანდარტის იქნება და ნებისმიერი სახის ჩემპიონატი ჩატარდება. ტრამპლინის დაპროექტებაზე შარშან თავი შევიკავეთ ჩვენ გვინდა, რომ სრულფასოვანი პროექტი გვქონდეს, რაც ძალიან ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროექტირება და მშენებლობა ორი წლის ვადაში ერთდროულად განვახორციელოთ.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ უამრავი გეგმის ფონზე მხოლოდ რამდენიმე პროექტია დასრულებული. ისე კი, რა დავოსი და რა ოლიმპიური ქალაქი, როცა დამსვენებელს ელემენტარული პირობებიც ვერ შეუქმნეს და ამას მთავრობის წევრებიც აღიარებენ. გამორიცხული არ არის, რომ მომავალ წელს, ამ დროს, ისევ გეგმებზე ვისუაბრებთ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ან ხელისუფლების სხვა წარმომადეგნელი, ისევ იანვარში აღმოაჩენს, რომ „ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა“.

 

 

„კომერსანტი“



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up