ხელისუფლების კიდევ ერთი ჩავარდნილი რეფორმა - თბილისი ისევ ტყვიით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავს

ხელისუფლების კიდევ ერთი ჩავარდნილი რეფორმა - თბილისი ისევ ტყვიით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავს

access_time2019-09-27 16:40:45

 უკვე თითქმის ორი წელი გავიდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ამოქმედდა. ამ დროის განმავლობაში დედაქალაქში ათასობით ავტომობილმა გაიარა ტექდათვალიერება, მაგრამ პრობლემა ისევ მოუგვარებელია:

თბილისში არც საცობები შემცირებულა, არც საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები ამაღლებულა და არც ჰაერი გასუფთავებულა. ქალაქი ისევ ტყვიით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავს და საზოგადოება ისევ აპროტესტებს.


„კომერსანტი“-ს ინფორმაციით, ტექდათვალიერების თემის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული.


ამჯერად,  პრობლემის ყველა დეტალს  გაგაცნობთ და შევეცდებით საკითხი კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ:


  • რა შეიცვალა ტექდათვალიერების რეფორმის ამოქმედებიდან ერთი წლისა და 8 თვის შემდეგ?
  • რატომ არ შემცირდა საცობების რაოდენობა დედაქალაქში?
  • რატომ  ვსუნთქავთ ისევ დაბინძურებულ ჰაერს?
  • რა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას?
  • რატომ არის ტექდათვალიერება „ქართული ოცნების“ უუნარობის ერთ-ერთი ნათელი და ცალსახა გამოხატულება ?


ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოში ავტოპარკის ზრდის დინამიკა ყოველწლიურად მზარდია და თუ ამ მაჩვენებელს მოსახლეობის რაოდენობას შევადარებთ, ვნახავთ რომ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ სამი ავტომობილი მოდის.



(წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო)


2019 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება გაიარა სულ 529 346 მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ,  აქედან 1171 -ს გადაადგილება  აეკრძალა.  პირველადი დათვალიერებით 306 907 ავტომობილი გაუმართავი ავტომობილების კატეგორიაში გავიდა და მათ მოუწიათ სერვის ცენტრებში ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც ძირითადად გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან იყო დაკავშირებული. ხოლო 220 760 -მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირების პროცესის შედეგად დადებითი შეფასება მიიღო. საბოლოო ჯამში, გამოდის რომ მთლიანი ციფრიდან  528 175 ავტომობილი კვლავ უპრობლემოდ გადაადგილდება.


(წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)


რაც შეეხება 2018 წელს, ტექნიკური დათვალიერება 80 000-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან 20 000-მა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო განმეორებით შემოწმებაზე 7000 არ გამოცხადდა. შესაბამისად, ეს ავტომობილები გაუმართავი სისტემით განაგრძობენ დედაქალაქში გადაადგილებას.


როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ჯამში ტექდათვალიერება საქართველოს მოსახლეობას საშუალოდ 50 მლნ. ლარი დაუჯდა. მიუხედავად ამ მოცულობისა მიზანი კვალავ მიუღწეველია, თუმცა სანამ უშუალოდ მოქალაქეების ზარალზე გიამბობთ, მანამდე დარგის სპეციალისტების პოზიციას გაგაცნობთ.


გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან ხშირად ტექდათვალიერების გავლისას მძღოლები გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავენ და სწორედ ამ გზით იღებენ დამაკმაყოფილებელ შედეგებს. ამ თემაზე მედიასთან აქტიურად საუბრობს საქართველოს ტექდათვალიერების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანაშვილი:



„მაგალითად, არის შემთხვევები როცა ინსპექტირების ავტომობილები  ბოლს უშვებენ (განსაკუთრებით ყვითელი მიკროავტობუსები),  თუმცა რომ გადავამოწმოთ, აღმოვაჩენთ რომ მათ გავლილი აქვთ ტექდათვალიერება. ზოგადად, ეს პროცესი გახლავთ ერთჯერადი და მძღოლსაც იმ დროს თავისი მანქანა მიჰყავს შედარებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ნორმალური საწვავით. შეიძლება დროებით შეცვლილი და ნათხოვარი ჰქონდეს კატალიზატორი ან საბურავი... ამიტომ, ფაქტია წლის განმავლობაში ერთჯერადი შემოწმება არასწორია“.


აღსანიშნავია ისიც, რომ თავის დროზე სანამ ტექდათვალიერების რეფორმა ამოქმედდებოდა, მოსახლეობა თავად ითხოვდა ავტომობილების შემოწმებას. აღნიშნულს ადასტურებს NDI კვლევის დასკვნებიც, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 60 %-ი რეფორმის გატარებას ითხოვდა. მათი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო (განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას) და მოსახლეობას  ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ეცხოვრა.


აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა განხორციელდა, მაგრამ მიღებული შედეგი მოსახლეობის მოთხოვნების საპირისპირო აღმოჩნდა - ავტოსატრანსპორტო მოძრაობა კვლავ გაუმართავი, დაძველებული და მოშლილია. ეკოლოგია უარესდება და ჰაერი ტყვიით ივსება.


ამ მოცემულობას დარგის სპეციალისტები ერთადერთი გარემოებით ხსნიან - ეს არის გაუაზრებელი პოლიტიკა და მოქმედი ხელისუფლების უუნარობის შედეგი:


„დიახ, მოსახლეობას ტექდათვალიერება უნდოდა იმიტომ, რომ უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ეცხოვრა. ეს ნაწილი აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება. თავის დროზე მთავრობა ამტკიცებდა რომ რეფორმა აუცილებელი იყო ზუსტად საზოგადოებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ რამდენად გამოჩნდა ეს საკითხი - რამდენად პასუხობს ტექდათვალიერების რეფორმა დასახულ მიზანს?!


 ზუსტად ეს კითხვა დავსვით თავის დროზე. სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არანაირი მოკვლევა ან დასაბუთება არ არსებობდა, თუ რა მდგომარეობა იყო საგზაო მოძრაობის კუთხით და რა გავლენა ჰქონდა ავარიებზე კონკრეტულად ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს (აქვე აღვნიშნავ, რომ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაში არ ფიგურირებს ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა). ასევე, არ არსებობდა დასაბუთება, არსებული მონაცემებით რა როლი ჰქონდა ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილს ჰაერის დაბინძურებაში. მეტიც, თუ 90-იან წლებში გამონაბოლქვში  CO-ის შემცველობის სტანდარტი იყო 0.5,  ის გაიზარდა 0.8-მდე. ეს მაჩვენებელი საშუალებას იძლევა მძღოლს არ ჰქონდეს კატალიზატორი, მაგრამ მაინც გაიაროს ტექდათვალიერება.  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს რეფორმა გახლავთ გაუაზრებელი და უუნარო, რაზეც პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და ტრანსპორტის დეპარტამენტი“, - განმარტავს HUB-Georgia-ს დამფუძნებელი ვასო ურუშაძე.


ასეთ ვითარებაში, დარგის სპეციალისტები მარტივ შეკითხვას სვამენ - იმ შემთხვევაში თუ ტექდათვალიერებას რეალური შედეგი არ მოუტანია და საზოგადოებამ 50 მილიონი ლარი უკვე გადაიხადა, მაშინ ვინ იღებს სარგებელს?


ვასო ურუშაძე: „ეს ყველამ იცის - კომპანია „გრინვეი“, რომელსაც ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ (ეს უკანასკნელი საქართველოს კაპიტალში (Georgia Capital) შემავალი ბიზნესია )



ეს უკანასკნელი კი ხელისუფლებასთან ასოცირებული კომპანია გახლავთ, რადგან ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო ავტოპარკის დიდი ნაწილი სწორედ ამ კომპანიის სერვისით სარგებლობს, რადგან საქმე გვაქვს ჩვეულებრივ გარიგებასთან. ამ მოცემულობაში ჩართულნი არიან გავლენიანი მაღალჩინოსნები და ამ ყველაფერს ადასტურებს ისიც, რომ თავის დროზე ტექდათვალიერების ბაზარზე საერთაშორისო კომპანიებსაც უნდოდათ შემოსვლა. თუმცა მათ ვერ შეძლეს,  რადგან არაჯანსაღი კონკურენცია დახვდათ, მათ შორის გაუგებარი სატენდერო პირობები და ეკონომიკის სამინისტროს მირ შემუშავებული უაზრო ბარიერები. ფიზიკურად ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება.


კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩემი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა უკვე  იძიებს ამ საქმეს. თუმცა მაინც ვიტყვი,  არაერთხელ გაჟღერდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრის დიმიტირი ქუმსიშვილისა და მის უწყებაში დასაქმებული მაღალჩინოსნების სახელები ამ საკითხთან მიმართებაში. სახელმწიფოს ბრალია ისიც, რომ გასულ წელს, ზუსტად არჩევნების წინ, გამოვლინდა, 10 ცენტრი, რომელიც  ავტომობილების ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა. უბრალოდ, მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზრიდან მოთამაშეები განდევნოს, რათა „ალდაგის“ სახელით თავად შემოვიდეს და გახდეს მონოპოლისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამას არ გააკეთება“,- ამბობს ვასო ურუშაძე.


ვასო ურუშაძის ბრალდებებს უარყოფენ კოამპნია „ალდაგში“ და „გრინვეიში“, რომელთა პასუხი საერთოა. მათი თქმით, არ არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ ბაზარზე მონოპოლიზმია ან რაიმე კორუფიცული სქემა მუშაობს:


განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტექინსპეტირების ბაზარს ჰყავს მონოპოლისტი და ეს არის კომპანია „გრინვეი საქართველო“, არის სრული დეზინფორმაცია და ფაქტების გაყალბება, რასაც მარტივად გვიჩვენებს კონკრეტული ციფრები:


დღეს ტექინსპეტირების ბაზარზე ფუნქციონირებს 40-ზე მეტი კომპანია. მათ შორის, ერთ-ერთია „გრინვეი“, რომელიც, სერვისცენტრების და ინსპეტირების ხაზების რაოდენობის მიხედვით, ფლობს საბაზრო წილის დაახლოებით, 35%-ს. ეს კი არ ნიშნავს ბაზარზე მონოპოლიის ქონას.


 დეზინფორმაციაა ისიც, რომ „გრინვეის“ მომსახურებით სარგებლობს სახელმწიფო ავტოპარკის დიდი ნაწილი - რეალურად, ჩვენს კომპანიას არც ერთ სახელწიფო სტრუქტურასთან არ აქვს გაფორმებული ექსკლუზიური კონტრაქტი ავტოპარკის ტექინსპეტირებაზე.


 „გრინვეიმ“ ტექინსპექტირების სფეროში საქმიანობის ნებართვა მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერში მონაწილეობის შედეგად, 2018 წელს. ამ ტენდერში სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა ბევრ ვალდებულებასთან ერთად, იყო საერთაშორისო გამოცდილი ოპერატორის შემოყვანა. „გრინვეის“ დიდი ძალისხმევის და სერიოზული ფინანსური რესურსის გაღება მოუწია იმისათვის, რომ დაეინტერესებინა და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოში შემოეყვანა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ტექისნპექტირების სფეროში - ესპანური კორპორაცია APPLUS.


 სწორედ APPLUS -თან თანამშრომლობის, მათი ტექნოლოგიებისა და გამოცდილების შემოტანის შედეგად, „გრინვეი“ დღეს არის კომპანია, რომელიც ტექინსპექტირების მომსახურებას ახორციელებს თანამედროვე დასავლური სტანდარტების სრული დაცვით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია ჩვენს ქვეყანაში ტექინსპექტირების რეფორმის ხარისხიანად განხორციელების საქმეში და ამ მიზანს „გრინვეი“ დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება.


 „გრინვეი საქართველოს“ დამფუძნებელია სააქციო საზოგადოება A Group“, ამბობენ კომპანიაში. 



მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ ტექდათვალიერებაში 50 მლნ. ლარი უკვე გადაიხადა, რატომ ვსუნთქავთ ჯერ კიდევ ბინძურ ჰაერს და რატომ ვერ ვმგზავრობთ ამ დრომდე უსაფრთხოდ ? - ამ კითხვით „კომერსანტმა“ დეპუტატებს მიმართა.


ჩვენ ვაგრძელებთ თემაზე მუშაობას და პასუხისმგებელი ხელისუფლების პოზიციას შემდეგ მასალაში გაგაცნობთ.  


შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. სავალდებულო ინსპექტირება თავდაპირველად შეეხო მიკროავტობუსებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებს. პირველი ივლისიდან კი სავალდებულო ინსპექტირება კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებისთვის გახდა. ოქტომბრიდან მხოლოდ იმ მსუბუქ ავტომობილებზე გავრცელდა, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. სულ საქართველოს მასშტაბით 40 ტესტირების ცენტრია.

თემაზე ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებგვერდზე pti.ge. მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1484.




სალომე ლემონჯავა





„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up