ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

access_time2020-04-01 17:50:09

„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა.

გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლით იყო დაკავებული, გარემოსდაცვითი ნებართვა გაიცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის #2-256 ბრძანების თანახმად, ონში, მდინარე რიონზე, სს „ონის კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი 122.4 მგვტ და ონი 2 ჰესი 83,7 მგვტ) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიღებულია.

საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები:

სორი,
კომანდელი,
ხურუთი,
ლაგვანთა,
ნაკიეთი
გლოლა.



ონი 1 ჰესის სათავე ნაგებობა მოეწყობა მდინარე ჭანჭახის შესართავის ქვემო დინებაში, საიდანაც უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფელი გლოლა დაშორებულია 3.3 კმ-ით. ხოლო ძალური კვანძის მოწყობა დაგეგმილია მდინარე რიონის და მდინარე საკაურას ზედა დინებაში. ძალურ კვანძზე წყლის მიწოდება მოხდება 12.5 კმ სიგრძის მიმყვანი გვირაბის საშუალებით.


ონი 1 ჰესის სამშენებლო პერიოდი მოიცავს 4 წელს. ხოლო პროექტის სასიცოცხლო ციკლია 50 წელი.


ონი 2 ჰესის სათავე ნაგებობა, რომლის სიმაღლე იქნება 9 მეტრი, მოეწყობა მდინარე რიონის კალაპოტის 762 მ-ის ნიშნულზე, ქ. ონიდან 1.14 კმ-ით ქვედა დინებაში, სადაც უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. კომანდელი (0.64 კმ). წყალმიმყვანი გვირაბის (9.3 კმ) გაყვანა დაგეგმილია მდ. რიონის მარჯვენა ფერდში, რომელიც წყალს მიაწვდის სოფელ სორის სიახლოვეს მდებარე საპროექტო ძალურ კვანძს.



ახლა უკვე მხოლოდ დროის ამბავია როდის დაიწყება რაჭაში ჰესის მშენებლობა.

ბრძანებაში დაახლოებით 20-მდე პირობაა, რომელიც სს „ონის კასკადმა“ უნდა შეასრულოს მშენებლობამდე, პროცესში და მას მერეც.


მაგალითად, მშენებლობის დაწყებამდე დეტალურად შეისწავლოს სოფელ კომანდელში, მეწყრულ ზონაში მდგარი სახლების მდგომარეობა, სოფელ უწერის მინერალური საბადოს ზონაში არ დაუშვას ტერიტორიის ისეთი გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება და ა.შ. ჩამონათვალი გრძელია.


ჰესების კასკადის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია გერმანული კომპანია „Lahmeyer International”-ის, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში შპს „გამა კონსალტინგის”მიერ.


სს „ონი კასკადმა” ონის ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (ე.წ. გზშ) პირველად გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგინა 2017 წლის 27 დეკემბერს. პროცესი დროში გახანგრძლივდა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო ამ დრომდე გარემოსდაცვით ნებართვას არ გასცემდა, ითხოვდა დამატებით კვლევებს, დაზუსტებას და ჩვენი ინფორმაციით პროექტი შენიშვნებით - ორჯერ უკან მიუბრუნა კომპანიას.


ეს უარი იმედს აძლევდა რაჭაში ჰესის მოწინააღმდეგე იმ ადამიანებს, ვინც რამდენჯერმე მოაწყვეს ონში საპროტესტო აქცია, არაერთი წერილით მიმართეს როგორც სახელმწიფოს, ისე გარემოსდამცველ ორგანიზაციებს, სეისმოლოგებს, მედიას.


მათ იმედს აძლევდა გარემოს დაცვის სამინისტროს სიფრთხილე და უარი ნებართვაზე, თანმხლები შენიშვნების გრძელი სიით.


რა ეწერა შენიშვნებში?


შენიშვნებში, მაგალითად, ეწერა, რომ ონის ჰესების კასკადის პროექტით გათვალისწინებული 231 244 კვ.მ. ფართობი - ტყის ფონდია, სადაც დაგეგმილი იყო 4212 ძირი ხის მოჭრა. ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არ იყო მითითებული ხეების ჭრის შედეგად მიყენებული უარყოფითი ზეგავლენა გარემოსა და დაცულ სახეობებზე.


ასევე ეწერა, რომ მაღალი იყო საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკი, მით უფრო, რომ საპროექტო არეალში დაგეგმილია გვირაბების გაყვანა „ბურღვა-აფეთქების მეთოდით“ და ა.შ და ა.შ.


დღეს სახელმწიფო აცხადებს, რომ კომპანიამ შენიშვნები გაითვალისწინა, წარმოადგინა არაერთი კვლევა, რამაც გარემოს დაცვის სამინისტროს მისცა ნებართვის გაცემის საფუძველი.


გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების არსებობა კი უკვე ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა, რათა კომპანიამ მშენებლობა დაიწყოს.


გარემოსადაცვითი შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ბერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამინისტრომ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხი.


მაია ბერაძეს ჩვენ ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს ნებართვა იმას, რომ სამინისტროს აზრით, რაჭისთვის, მისი სეისმური და გეოლოგიური თავისებურებების და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისიწნებით, ამ ჰესის მშენებლობა საშიში არ არის?


ამ კითხვაზე მან გვიპასუხა, რომ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის საქმიანობას აქვს გარკვეული ზემოქმედება გარემოზე, ხოლო როცა „ამხელა ჰესის მშენებლობა იგეგმება, მის მშენებლობას ექნება გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება“ თუმცა, მისივე სიტყვებით:


„ეს ზემოქმედება სრულყოფილად უნდა იყოს დოკუმენტში შეფასებული, და უნდა იძლეოდეს იმის თქმის საშუალებას, რომ აი, ამ დასაშვებობით შესაძლებელია, აი, ამ კონკრეტული პირობების დაცვით. როდესაც სამინისტრომ იმსჯელა წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, მათ შორის დარგობრივ ექსპერტებთან ერთად, მივიდა იმ დასკვამდე, რომ იქ საქმიანობა შეუქცევად ზემოქმედებას გარემოზე არ გამოწვევს. შესაბამისად გაიცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება“.


მან ასევე გვითხრა, რომ კომპანიამ წარმოადგინა „ზღვა მასალა კვლევებისა სხვადასხვა მიართულებით“. მათგან კი, ვინც რაჭაში ჰესის აშენებას სკეპტიკურად უყურებს, სამინისტროსთვის ალტერნატიული დასაბუთება, რაიმე საპირისპირო სანდო კვლევა არ მიუწოდებია.


აქ ალბათ უნდა გავიხსენოთ თუ როგორია ზოგადად საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და პოზიცია ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობასთან მიმართებით და ​ გავიხსენოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 24 აპრილის განცხადებაც, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრესი მიმართულება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებაა.


და რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალში ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება. ეკონომიკის სამინისტროს ამავე განცხადების თანახმად, არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.


„ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, - წერია განცხადებაში.


მაგრამ სახელმწიფოს ჰყავს ბევრი ოპონენტი გარემოსდამცველ ორგანიზაციებში, გეოლოგებსა და სეისმოლოგებს შორის, და ჰყავს მოწინააღმდეგეები რაჭაში მცხოვრებ მოსახლოებას შორისაც, რომლებიც ლაპარაკობენ შეუქცევად პროცესებზე იმ შემთხვევაში, თუ რაჭაში ეს ჰესი აშენდება და მდინარე რიონი რამდენიმე კილომეტრის მონაკვეთში გვირაბში მოექცევა.


ორგანიზაცია „მწვანე ალტერნავა“ ერთ-ერთია, ვინც ამჯერადაც აპირებს გაასაჩივროს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა და ისედაც, წლებია აპროტესტებს დიდი ჰესების მშენებლობას და მოჰყავს მაგალითები თუ რა ზიანი მიადგა გარემოს საქართველოში არაერთი დიდი ჰესის აშენებით.


ონის კასკადთან მიმართებითაც ორგანიზაციის პოზიცია უცვლელია - დათო ჭიპაშვილი ონის ჰესების მშენებლობას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უწოდებს „კომუნისტების დროს გაჩენილი იდეის რეინკარნაციას“ და ამბობს, რომ რიონისგან შესაძლოა პატარა ნაკადული დარჩეს.


„ამ პროექტით, იგეგმება 2 გვირაბის მშენებლობა. ონი 1 ჰესის გვირაბი - 12,5 კილომეტრის სიგრძის და მეორე, დაახლოებით, 9,5 მეტრის გვირაბი ცოტა დაბლა, სოფელ სორის თავზე. აი ამ მონაკვეთებში, მათ შორის, სოფელ უწერაშიც, მდინარე რიონი, აღარ იქნება ისეთი, როგორსაც დღეს ხალხი ხედავს. იქ დარჩება პატარა ნაკადული. რიონის კალაპოტის სიდიდის გათვალისწინებით კი, საერთოდ გამოჩნდება თუ არა ეს წყალი იქ, ეს კიდევ საკითხავია“, - გვითხრა დათო ჭიპაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში, როცა ნებართვა ჯერ კიდევ არ იყო გაცემული.


ეს მხოლოდ ერთი მცირე დეტალია - დათო ჭიპაშვილი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ სავარაუდო ზემოქმედებას, რასაც ამ ჰესის მშენებლობა გამოიწვევს რაჭის ეკოსისტემაში.


მისი თქმით, არავინ ზუსტად არ იცის, ისეთ სეისმურ ზონაში, როგორიც რაჭაა, როდის და რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება (ამის მაგალითი უკვე არსებობს 1991 წლის მიწისძვრის სახით) და გაუძლებს თუ არა მიწისძვრას ის გვირაბი, რომელიც სოფლების თავზე უნდა გავიდეს.


„დავუშვათ გაუძლო - რა ხდება ღვარცოფული მდინარეების შემთხვევაში? რა ნაკადები წამოვა? რა პრობლემას შექმნის ის, რომ ამ მომენტში მდინარე რიონში წყალი არ იქნება? არავინ იცის, სად გაჩნდება მეწყერი და რა საფრთხე დაემუქრება თავად ამ პროექტს და შემდეგ აქედან გამომდინარე, ამ სოფლებს. არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სადაც სეისმურად ასეთ ზონაში აშენებდნენ დღეს ამ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს“, - აცხადებს დათო ჭიპაშვილი.


ონში ჰესების აშენების წინააღმდეგ სამოქალაქო პეტიციაც დაიწერა. მას ხელი 5000-მა ადამიანმა მოაწერა. შექმნილია მოძრაობა „არა ონის კასკადს“, რომლის წვერებიც კატეგორიულად აპროტესტებენ რაჭაში მძლავრი ჰესის აშენებას.




ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. ნაწილი კი დუმს. როგორც მოხალისეები ამბობენ, ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი დასაქმებულია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და ერიდება ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას.


ონში ჰესის აშენების საკითხი რამდენჯერმე განიხილეს. საპროტესტო აქციაც გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, ხალხს ჯერ კიდევ არ ესმის ნათლად თუ რა საფრთხის წინ დგას რაჭა.


აი, რა უპასუხა სამოქალაქო მოძრაობა „არა ონის კასკადს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ გზშ-ს ანგარიშის გაცნობის შემდეგ 2018 წლის 22 მარტს:


საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სეისმური აქტივობით სწორედ აღნიშნული რეგიონი გამოირჩევა. აქ მოხდა ყველაზე ძლიერი მიწისძვრა კავკასიაში (ინსტრუმენტული პერიოდის განმავლობაში). ამის შესახებ ანგარიშშიცაა ნათქვამი. სამწუხაროდ, ანგარიშში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ აღნიშნული ტერიტორია 9 ბალიან ზონაში იმყოფება და მოყვანილია ფრაგმენტი საქართველოს მოქმედი სეისმური დარაიონების რუკიდან, თუმცა არაა ნაჩვენები სამშენებლო ტერიტორია. უბრალოდ იგულისხმება, რომ მთელი ტერიტორია 9 ბალიან ზონაშია. აღსანიშნავია, რომ ამ რუკაზეც კი, რომელიც 1999 წელსაა შექმნილი და ჩვენი აზრით, დღეისათვის აშკარად მოძველებული და გამოუსადეგარია, ნაჩვენებია გრუნტის მაქსიმალური აჩქარებებიც, რადგან იმ დროსაც კი ბალი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა განვითარებული ქვეყნების სეისმური საშიშროების შეფასებაში. თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველოს მოქმედი სეისმური ნორმების მიხედვით აღნიშნული რუკა არ უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალური ნაგებობების დაპროექტებისთვის („სეისმომედეგი მშენებლობა“ პნ 01.01.09. მუხლი 3, პარაგრაფი 3.). ონის კასკადი კი, თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით სწორედ ასეთ ნაგებობას მიეკუთვნება...


თეა გოდოლაძეს რადიო თავისუფლებაც ესაუბრა და მასთან და ონის ჰესის საკითხშო ჩახედული სხვა ადამიანების მოსაზრებებს ჩვენს შემდგომ მასალებში შემოგთავაზებთ.


მანამდე კი აი, ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებზე მკაფიო პასუხების პოვნასაც ვცდილობთ:


რა იქნება შემდეგ? რამდენ ხანში გაიცემა მშენებლობის ნებართვა და როდის დაიწყება რაჭაში ჰესის მშენებლობა? სჭირდება თუ არა ამ სიმძლავრის ჰესი რაჭას? რას მოუტანს ეს ადგილობრივ მოსახლეობას? სახელმწიფოს? მშენებელ კომპანიას? რას ფიქრობს ხალხი? გაქრება თუ არა რიონი? რა ელის ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ეკოსისტემას? ვის ინტერესებშია ონის კასაკდის აშენება? ეს პროექტი მართლაც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის? ყველა რისკი გათვლილია?


რადიო თავისუფლება 




თეგები:
რაჭა



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up