ხელისუფლება ტენდერების ჩატარების არსებულ პრაქტიკას ცვლის

ხელისუფლება ტენდერების ჩატარების არსებულ პრაქტიკას ცვლის

person access_time2016-05-16 09:15:07

შესყიდვების სააგენტომ ტენდერებთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეები დააანონსა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი „კომერსანტთან" განმარტავს, რომ იგეგმება 2-ეტაპიანი ტენდერის შემოღება. რამდენიმე თვეში დამკვიდრდება და მოხდება მისი ტექნიკური იმპლემენტაციაც. ეს გულისხმობს, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა, გამარჯვებული გამოავლინოს არა მხოლოდ საუკეთესო ფასის მიხედვით, რაც დღევანდელი ტენდერებისთვის იყო მთავარი და ამ სულისკვეთებით ტარდებოდა ტენდერები.


მეორე სიახლე მცირე ბიზნესს ეხება. ცვლილების თანახმად, მოქმედ კანონმდებლობაში გაჩნდება ამხანაგობის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები. შედეგად, ორ ან მეტ დაინტერესებულ პირს შეეძლება ტენდერში ერთობლივად მიიღოს მონაწილეობა. 


„შესაძლოა ერთს გამოცდილება აქვს, მეორეს ფულადი რესურსები და თუკი ისინი მოახდენენ გაერთიანებას, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დავუშვათ ასეთი შეხამება და ინტეგრირება მათი შესაძლებლობების ცალკეულ ტენდერებში. მცირე კომპანიებს ეს შესაძლებლობას მისცემს, იმ ტენდერებში, რომელიც დღეს ხელმისაწვდომი არ არის, მიიღონ მონაწილეობა. ვფიქრობ ეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და მათ აღარ მოუწევთ პასიურ როლში ტენდერების ყურება"-განმარტავს ნანობაშვილი.


როგორ უყურებს ბიზნესი შესყიდვების სააგენტოს მიერ დაგეგმილ ცვლილებებს და რა ეფექტების ან რისკების შემცველი შეიძლება იყოს მათთვის ეს ცვლილება? აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტი" გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო კომპანიების ხელმძღვანელებს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესი დროულად თვლის სააგენტოს მიერ დაგეგმილ სიახლეებს და მის რეალობაში დანერგვას დადებითად უყურებს.


კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორი პაატა ტრაპაიძე განმარტავს, რომ 2–ეტაპიანი ტენდერების აუცილებლობაზე ის 5 წელია საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის, თუ რა ტიპის შესყიდვასთან გვაქვს საქმე. ტრაპაიძის განმარტებით, როდესაც საქმე ეხება ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებს, როგორებიცაა მაგალითად გზები, ხიდები, სახლები, ამ დროს აუცილებელია იყოს 2 ეტაპიანი ტენდერები. ტრაპაიძის თქმით, ამ დროს მხოლოდ ფასის მიხედვით კონტრაქტორის შერჩევა სწორი არ არის.



„იმაში, რომ შესყიდვების სააგენტომ ამ მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა, ამაში ჩვენი კომპანიის ძალიან დიდი დამსახურებაა,“-აცხადებს ტრაპაიძე.



მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია შესყიდვების სააგენტომ იფიქროს იმაზე, რომ ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტების პროექტირება-მშენებლობა და მოვლა-პატრონობა ერთი ადამიანის ხელში და პასუხისმგებლობის არეალში იყოს. საბოლოო ჯამში ეს ბევრად აამაღლებს პროოდუქტის ხარისხს.




„არ შეიძლება, რომ ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტი აღიქმებოდეს მხოლოდ ისე, რომ დღეს გავაკეთე და არ მაინტერესებს რა მოუვა მას 5-10 წლის შემდეგ. ცივილიზებულ სამყაროში პროექტირება, მშენებლობა და მოვლა-პატრონობა ერთი ადამიანის ხელშია. ეს რომ ასე არ იყოს, წავა ერთმანეთზე გადაბრალებები. დიზელის შესყიდვა, რომელიც იმ წუთშივე იხარჯება და გზის მშენებლობა ერთნაირად არ უნდა აღიქმებოდეს და ტენდერი ერთნაირი პირობებით არ უნდა ცხადდებოდეს. დღეს ჩვენთან ეს მომენტი აბსურდის დონეზეა. მაინც და მაინც 5 წელი უნდა გავიდეს, რომ მთავრობაში მიხვდნენ ამას? ახლა ეს ცვლილება კანონმდებლობაში არ ჩადეს იმ მიზეზით, რომ არ არსებობს შესაბამისი კოდი. გეგონება, ამ კოდის შექმნაც მათ ხელში არ იყოს. ამას უნდა რადიკალური რეფორმა და სხვა არაფერი. ჩვენს ქვეყანაში კი რადიკალური რეფორმების ეშინიათ"-აცხადებს ტრაპაიძე.


მისივე ინფორმაციით, არსებობს წინასწარ გაწერილი ნორმები, რომ გზას 10 წელი არაფერი უნდა მოუვიდეს. თუ მოუვა, მაშინ პასუხისმგებელმა კომპანიამ თანხა ჯიბიდან უნდა აიღოს და შეაკეთოს. ამ შემთხვევაში მუშაობს ლოგიკა: რა აზრი აქვს დღეს მოპარვას, ხვალ თუ უკან ამოაღებინებენ?

 

რაც შეეხება მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ტრაპაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ამხანაგობა და პასუხისმგებლობაც ერთმანეთს შორის იყოს გადანაწილებული. მისი განცხადებით, არ შეიძლება პასუხისმგებლობა მხოლოდ დამკვეთს ჰქონდეს. მითუმეტეს იმ პირობებში, თუ დამკვეთი პროფესიონალი არ არის. ანუ ის, რაც ჩვენთან ხდება.

 

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორი რისკებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ბევრად შემცირდება რისკები, რადგან ის რამდენიმე კომპანიაზე გადანაწილდება.


„რაც უფრო გადანაწილებულია რისკის ფაქტორები, შედეგი მით უფრო უკეთესია. ყველა ცდილობს მიიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობა, რადგან თუ ერთის საქმე გაფუჭდა, მეორეა ვალდებული გამოასწოროს. მცირე კომპანიებმა, პირველ რიგში, უნდა ისწავლონ განვითარება, ეს კი სწავლას მოსდევს. დღეს საქართველოში სამწუხაროდ სწავლის იდეოლოგია არ არის. დღეს არის სწრაფად მომხეჭველობის იდეოლოგია. რაც შეეხება გზებს და მშენებლობას, ამ კუთხით სასწავლებელი ძალიან ბევრი გვაქვს. ყველაფერი ეს ერთად აღებული მცირე საწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს"-აცხადებს ტრაპაიძე.


კომპანია „კავკასავტომაგისტრალი" სიღნაღი-წნორის გზების პერიოდულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი მევლუდ დათაშვილი აცხადებს, რომ 2–ეტაპიანი ტენდერები შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია. დათაშვილი ამბობს, რომ კომპანიები ხანდახან დემპინგურ ფასებს დებენ და შემდეგ კი უხარისხოდ აშენებენ. შედეგად, მისი თქმით, სასურველია, რომ გათვალისწინებული იქნას კომპანიების გამოცდილება.


რაც შეხება მცირე ბიზნესის მიმართულებას და აქ ამხანაგობების შექმნას, დათაშვილი ამბობს, რომ ასეთი მეთოდი მსოფლიო ბანკის ტენდერებში ისედაც არსებობს, ამიტომ მცირე კომპანიებისთვის ეს აუცილებელიც კი არის.


„ეს კარგი ვარიანტია, თუმცა, პატარა ფირმები ხშირად აფუჭებენ საქმეს. მცირე კომპანიები მხოლოდ იმას ფიქრობენ რომ ობიექტი მოიგონ, იმას კი აღარ უყურებენ, თუ როგორ გაკეთდება საქმე. ეს კი ძალიან ცუდია. ამხანაგობების შექმნა და მცირე კომპანიების გაერთიანება მე თუ მკითხავ აუცილებელიც კი არის. ეს ხარისხს აამაღლებს"-ამბობს დათაშვილი.


შესყიდვების სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეები გარკვეულ კითხვებს აჩენს ექსპერტულ წრეებში. „გადასახადის გადამხდელთა კავშირის" თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ საბოლოო დოკუმენტის ნახვამდე რისკების შეფასება რთულია, თუმცა ის, რაც დღესვე შეიძლება ამ მიმართულებით ითქვას, არის ის, როგორ გადანაწილდება პასუხისმგებლობები.


„მაგალითად, ერთმა კომპანიამ თუ შეასრულა ვალდებულება და მეორემ არა, ამ შემთხვევაში რა მოხდება. ბევრი მსგავსი დეტალია გასარკვევი. ზოგადად, კარგია, თუ მცირე კომპანიებსაც მიეცემათ ტენდერებში მონაწილეობის საშუალება. მთავარი მაინც არის ის, რომ ტენდერის პირობები ისე იყოს დაყენებული, რომ შემსყიდველს ჰქონდეს გარკვეული შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, რომ მან ყველაფერი თავისი გემოვნებით არ დააწესოს, რათა მცირე კომპანიებისთვის ბარიერები არ დაწესდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო მეტია სამუშაო, ვიდრე იმ მიმართულებით, რომ კომპანიების გაერთიანებით ეს პრობლემა მოგვარდეს"-აცხადებს მიქაუტაძე.


მისივე მტკიცებით, აუცილებელია, თუ ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ბიზნეს კომპანიები.


ტენდერები ხელისუფლებისთვის ერთერთ ყველაზე პრობლემურ სფეროდ რჩება. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ სფეროში ცვლილებებია საჭირო. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. როდის და რამდენად ეფექტურად განხორციელდება ცვლილებები, ამ პროცესს „კომერსანტი“ თვალს მიადევნებს და კონკრეტულ შედეგებს დაელოდება.



ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...


მსგავსი სიახლეები

up