„კინოთეატრების განახლების საკითხი მილიონ დოლარიანი შეკითხვაა, პირველ ნოემბერს გამოცხადდა ბოლო ინფორმაციით გახნის თარიღი. რა თქმა უნდა, პანდემია ცუდად აისახა კინოთეატრების ბიზნესზე. თუმცა, ბილეთებზე ფასების გაზრდას არ ვგეგმავთ, პირიქით ფასების შემცირება განიხილება“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „კავეა თბილისი მოლის“ 100% პროცენტიანი წილის მფლობელმა ბაკურ ლაშქარავამ ისაუბრა.
ბოლო ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა 1 ნოემბრიდან იგეგმება. რამდენჯერმე გახსნის თარიღის ცვლილების მიუხედავად კინოთეატრების ბიზნესში უმსხვილესი მოთამაშეები დარწმუნებით ვერ ამბობენ აღდგება თუ არა დათქმულ დროს კინოჩვენებები, თუმცა ბიზნესი სხვა პროექტებით კინოინდუსტრიის განახლებისთვის ემზადება.
„ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რათა გახსნის ან არგახსნის შემთხვევაში ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ სიახლე, მათ დავუკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რასაც ახლა ვერ ვაკმაყოფილებთ. ზარალი ძალიან დიდია, მაგრამ ძალიან რთულად პროგნოზირებადია, რა მოხდება. გვაქვს რამდენიმე სცენარი, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი. ჯერ პროექტებს ვერ გავასაჯაროვებთ. ხალხი მონატრებულია კინოს და იმედი გავქვს, რომ ეს კარგად ისახება ბიზნესზეც გახსნის მერე. ვიმედოვნებთ, რომ ბაზარს აქტიურად დავუბრუნდებით,“ - განმარტავს ბაკურ ლაშქარავა.
მარიამ მორგოშია