ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია და აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე ჯერ კიდევ გასულ წელს გაიტანა, თუმცა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო.
დღეს „კომერსანტს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, რომ აღნიშნული ობიექტი კვლავ არის განთავსებული სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ პროექტის საპრივატიზებო რუკაზე და ნებისმიერ დაინტრესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს საინვესტიციო წინადადება, თუმცა როგორც ჩანს წყნეთის სამთავრობო აგარაკები ინვესტორისთვის მიმზიდევლი არ არის, რადგან ობიექტით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
„კომერსანტის“ კითხვაზე ხომ არ იგეგმება ობიექტის განმეორებით აუქიონზე გატანა და საპრივატიზებო პირობების შეცვლა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში, ახალი საპრივატიზებო პირობები საჯარო გახდება უშუალოდ ელექტრონული აუქციონის ინიცირების დროს.
რაც შეეხება იმას, თუ რა უჯდება სახელმწიფოს სამთავრობო აგარაკების შენახვა, ამის შესახებ „კომერსანტი“ სააგენტოსგან ინფორმაციას რამდენიმე დღეში მიიღებს.რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქამდე რატომ არ გამოუჩნდა მყიდველი წყნეთის სამთავრობო აგარაკებს, ამის შესახებ სააგენტოში არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში 13 შენობა-ნაგებობაა განთავსებული, ტერიტორია 89, 978 კვ. მეტრს მოიცავს, მთლიანობაში შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარს შეადგენს. საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო ან საცხოვრებელი კომპლექსი. მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს.
ბაჩო ადამია