წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს.
„წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს.
ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით გენერალური გეგმის სრულყოფილ ჩამოყალიბებას, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ამა თუ იმ ობიექტის განვითარების ზუსტი პოტენციალი. ასევე საჭიროა ეკონომიკურ ჭრილში დათვლილი ხედვა, თუ რა შეიძლება იქ განხორციელდეს და განვითარდეს“,- განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა.
ზურაბ წიქვაძის განმარტებით, შესაბამისი საინვესტიციო პაკეტს კერძო სექტორს დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე შესთავაზებენ.
„აქტიურ სამუშაო პროცესში ვართ ჩართული. ვფიქრობთ, რომ წლის მანძილზე სრულ საინვესტიციო პროექტს შევთავაზებთ ფართო ბიზნესს. პარალელურად, ველოდებით ყველა იმ წინადადებას, რომელსაც ამა თუ იმ სანატორიუმის ფარგლებში კერძო სექტორი შემოგვთავაზებს. შემაჯამებელ გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ“,- განაცხადა წიქვაძემ.
„ბიზნესპარტნიორი“