წყალტუბოს 550 ჰა ტერიტორიის განაშენიანების გეგმას „ბაუ დიზაინი“ 600 000 ლარად მოამზადებს

წყალტუბოს 550 ჰა ტერიტორიის განაშენიანების გეგმას „ბაუ დიზაინი“ 600 000 ლარად მოამზადებს

access_time2022-04-06 12:00:50

წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმას ,,ბაუ დიზაინი“ მოამზადებს. გასული წლის 15 იანვარს გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გამოვლენილია. არქიტექტურულმა და ურბანულმა ბიურომ საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნები დააკმაყოფილა, შესაბამისად ახლა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელშეკრულების მომზადების პროცესშია. გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული საკვლევი ტერიტორიის საორიენტაციო ფართობით 550.65 ჰექტარია. განაშენიანების გეგმის შემუშავების სახელშეკრულებო ღირებულება 599 700 ლარია

 

 

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის მოსამზადებელია კვლევები, განვითარების ხედვა და სტრატეგია. ასევე სიცოცხლისუნარიანობის შეფასება. საპროექტო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს საინვესტიციო ობიექტები და ტერიტორიები. უნდა შეიმუშაონ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის პროექტი. ასევე უნდა მომზადდეს განაშენიანების გეგმის არეალში საზოგადოებრივი სივრცეების - ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, ცენტრალური პარკისა და განაშენიანების გეგმის საზღვრებში მყოფი სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განვითარების გეგმები.


 



 

თუმცა, სანამ „ბაუ დიზანი“ დოკუმენტზე მუშაობას დაიწყებს, მანამდე შეგახსენებთ, რომ 2 წელი და 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „წყალტუბოს აღორძინების“ გეგმას ჩაუყარა საფუძველი, თუმცა კურორტის მასშტაბური განვითარების იდეა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

 

 

მაშინ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი აცხადებდა, რომ ქალაქ წყალტუბოში ყველა სასტუმროს, ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმების შეძენას აპირებდა. საუბარია 22 სანატორიუმ-სასტუმროსა და 9 ბალნეოლოგიურ სააბაზანოზე. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ „პროექტის გარანტორი და დამზღვევი თავად იყო“ - რაც არ გაიყიდებოდა, იმ ობიექტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეიძენდა. მისი დაპირება, დაპირებად დარჩა. ივანიშვილის ამ განცხადების მიუხედავად ბიზნესი წყალტუბოთი არ დაინტერესებულა.

 

 

ამ დროის განმავლობაში კურორტის აღორძინების შესახებ ინფორმაცია არჩევნებიდან არჩევნებამდე ვრცელდებოდა. გასული წლის 23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მთავრობას წყალტუბოში გრანდიოზული პროექტები აქვს დაგეგმილი. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ წყალტუბოს მერი ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელი ყოფილიყო. ასეც მოხდა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა. მერს რამდენიმე დღის განმავლობაში ვურეკავდით და ვწერდით, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

 

არჩევნების დასრულების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ წყალტუბოს უძრავ ქონებას გასაყიდად ამზადებენ. სანატორიუმების პრივატიზებაზე აქტიურად საუბრობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავაც.


 

 

მასშტაბური გეგმის დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი აქვს ყოფილი სანატორიუმი „მედეა“, რომლის საწყისი ფასი 5 820 000 ლარს შეადგენს. საინვესტიციო პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე 120–ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 



 

რაც შეეხება მთავარ კურორტ წყალტუბოში მდებარე სხვა სანატორიუმების პრივატიზაციის საკითხს - ამ თემაზე უწყება კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს. ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სააგენტოში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ორ  წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქონების ეროვნულ სააგენტომ აუქციონზე მხოლოდ ერთი ობიექტი გამოიტანა, ისიც 5 დღის წინ. მათგან მივიღეთ წერილი, რომ დეტალური ინფორმაცია ობიექტების საპრივატიზებო პირობების შესახებ ხელმისაწვდომი უშუალოდ ელექტრონული აუქციონების ინიციირების დროს იქნება.

 

 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კურორტის აღორძინებისთვის გადადგმული პირველი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადადგა. უწყებამ 2020 წლის 4 სექტემბერს წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა. რომელშიც ასევე შპს „ბაუ დიზაინმა“ გაიმარჯვა. კურორტს გენერალური გეგმის კონცეფცია 90 დღეში უნდა ჰქონოდა, თუმცა ცვლილება ხელშეკრულებაში 5 ჯერ შევიდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის თარიღი 234 დღით განისაზღვრა. საბოლოოდ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა.

 

 

შესაბამისად, გენერალური გეგმის დამტკიცებული კონცეფციის შემდგომ, პირველი რიგის სამუშაოს წარმოადგენს ცენტრალური ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავება, რომელიც დააზუსტებს ზემოაღნიშნულ დოკუმენტში შემოთავაზებულ გადაწყვეტებს. სწორედ ამას უზრუნველყოფს 2021 წლის 15 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც, როგორც უკვე გითხარით, „ბაუ დიზაინმა“ გაიმარჯვა.

 

 

გენერალური გეგმის კონცეფციის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები საპროექტო ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში იგეგმება (ცენტრალური პარკი, სანატორიუმების ტერიტორია, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, საზოგადოებრივი ცენტრი, ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების დავალება, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, პარკის წრიული საავტომობილო გზა, ცენტრალური ავტოსადგომი). ცენტრალური ტერიტორიის მიღმა დაგეგმილი ცვლილებები, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არ ითვალისწინებს რადიკალურ ცვლილებებს და ძირითადად დაფუძნებულია არსებულ მდგომარეობის განვითარებაზე.

 

 



მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მნიშვნელოვანია დღევანდელი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქალაქო და ტურისტული ტერიტორიების ურთიერთდაკავშირების მიზნით უწყვეტ სივრცედ მოხდეს არსებული ცენტრის ახლებურად ფორმირება, დაბალსართულიანი განაშენიანების პრინციპით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარება წარმოადგენს გენგეგმის კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთ პირველ ეტაპს, რათა კურორტის განვითარებისთვის შეიქმნას ადეკვატური წინაპირობა. შესაბამისად მიზანშეწონილია ცენტრალური (საკურორტო) ნაწილის განაშენიანების გეგმაში განსაკუთრებული აქცენტით და მეტი დეტალიზაციით დამუშავდეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, ცენტრალური პარკისა და განაშენიანების გეგმის საზღვრებში მყოფი სხვა საზოგადოებრივი სივრცეების არეალები.

 

 

აღსანიშნავია, რომ არეალის საზღვრებში მოქცეულია ყველა სანატორიუმი და მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები, ქალაქის ბაზარი (ცენტრი), ტბის მიმდებარე ტერიტორია, ტყის მასივი - აღმოსავლეთით და სამხრეთის ნაწილი - ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი.

 

 

განაშენიანების გეგმის დამუშავების მიზანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნას საცხოვრებელი, დასასვენებელი და სამუშაო გარემოს ბუნებრივი ღირებულების, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტურისტული, სოციალური, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ჰარმონიული განვითარების დეტალური პირობები.

 

 

თუმცა ფაქტი ერთია – უდიდესი მიზიდულობის ცენტრი ამ დრომდე ვერ შეიქმნა, 20 000-მდე ადამიანი წყალტუბოს სასტუმროების და ბიზნესის მომსახურებაში ვერ დასაქმდა. ქართული ბადენ-ბადენის შექმნის პროექტი ჭიანურდება და ქვეყნის სავიზიტო ბარათი - ისევ ახალი სიცოცხლის მოლოდინშია.



ბაჩო ადამია


თეგები:
წყალტუბო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up