კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურსს „ლიტერა“ კიდევ ერთი კონკურსანტი ნათია ავალიანი გამოეთიშა. იგი წლის საუკეთესო წიგნის დიზაინის ერთ-ერთი ნომინანტი იყო.
„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა “მწერალთა სახლის” და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ ქართველი ავტორებისთვის, საგამომცემლო საქმისთვის და ზოგადად, ლიტერატურისთვის. ამასთან, მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი “ლიტერას” მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და “მწერალთა სახლს”. და სრულიად საქართველოს,“ – წერს ნათია ავალიანი სოციალურ ქსელში.
მანამდე ამავე კონკურსს გამოეთიშნენ მწერლები ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი. მათი თქმით, არ მიიღებენ მონაწილეობას პროექტებში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული მანამ, სანამ თეა წულუკიანი მინისტრის თანამდბობას იკავებს.
“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.
accentnews.ge