„მოვუწოდებ ორივე მხარეს, ერთობლივად მოაგვარონ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის საკითხი“ – ამის შესახებ „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე აცხადებს.როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, მხარეებმა ისრაელში ქართველების ლეგალური დასაქმების პროგრამაზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ.
„სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ, როგორც მესამე სექტორმა წარვადგინეთ რამდენიმე ინიციატივა და გვჯერა, ეს მიღწევადია. ისრაელის მთავრობას აქვს ამის გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა დავძლიოთ, ვინაიდან, ჩვენ ვართ წინააღმდეგი, ადამიანმა გაყიდოს ბინა, გადაიხადოს 10 ათასი დოლარი არალეგალურად და ჩავიდეს ისრაელში“ – აღნიშნა იციკ მოშემ.
მისივე თქმით, თუკი საქართველოს მოქალაქე ისრაელში ლეგალურად დასაქმდება, ის მიიღებს ორმაგ ანაზღაურებას, იქნება უფრო დაცული და მიენიჭება ისრაელის მეგობრის სტატუსი.
„დღესდღეობით, ამ მიმართულებით ვითარება არეულია და ამიტომ მსურს ორივე მხარეს მოვუწოდო, ეს საკითხი ერთობლივად მოვაგვაროთ. 2021 წლისთვის ეს საკითხი გადასაწყვეტია. ვისურვებდი, ქართველები ისრაელში ლეგალურად მუშაობდნენ. ეს კარგია საქართველოსთვისაც, რომელმაც ზუსტად იცის იქ რამდენი ადამიანი მუშაობს, როდის წავიდნენ და ა.შ. ადამიანი, რომელიც მუშაობს რომელიმე სასტუმროს მშენებლობაზე ლეგალურად, გარდა იმისა, რომ თანხას აგზავნის, ის მაღალკვალიფიცირებული ბრუნდება საქართველოში,“ – აცხადებს იციკ მოშე „ბიზნესპარტნიორთან“.
როგორც „საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორგანიზაციამ 21 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე.
„ეს პუნქტები არის აუცილებლად შესასრულებელი, რომ ორი ქვეყნის კავშირები გავაძლიეროთ. ამას სჭირდება ორივე მხარის ერთობლივი მუშაობა. მგონია, რომ მომავალი წლის გამოწვევა იქნება ორმხრივი ტურიზმი – მინდა ვნახო ქართველი ტურისტები ისრაელში და მინდა, ორივე მხარემ გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს მოქალაქემ შეძლოს ისარელში ტურისტად ჩასვლა, მოინახულოს იერუსალიმი, თელავივი და დაბრუნდეს საქართველოში. ეს აუცილებელია. თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ორმხრივ კავშირებზე, აუცილებელია, ტურიზმიც ორმხრივი იყოს“ – აღნიშნავს იციკ მოშე.
„ბიზნესპარტნიორი“