წერეთლის გამზირზე, 5000 კვ.მ ფართობზე სავაჭრო ცენტრი აშენდება. შპს „ევროსტილმა“ არქიტექტურის სამსახურთან პროექტი უკვე შეათანხმა, კომპანია ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება. ინვესტორს სურს, რომ მათსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ნაცვლად ამორტიზებული შენობებისა, სავაჭრო ცენტრი ააშენოს და ტერიტორია სრულად მოაწესრიგოს.
მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი შენობა აშენდება. გენგეგმის მიხედვით ტერიტორიაზე ღია ავტოსადგომი მოეწყობა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.
პროექტს თან ახლავს, შ.პ.ს. „თბილინვესტპროექტის“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მდგრადია, ამჟამად მასზე და მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური მოვლენები განვითარებული არ არის.
დოკუმენტებში ასევე ვხვდებით შ.პ.ს. „დიდგორი-2011“-ის მიერ მომზადებულ კონსტრუქციული დასკვნას, სადაც წერია, რომ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან. ექსპერტი დადებით შეფასებას აძლევს წარმოდგენილ პროექტს და რეკომენდაციას უწევს მშენებლობის ნებართვის მისაღებად და განსახორციელებლად. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საპროექტო შენობა წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტრუქციულ ობიექტს და მშენებლობის პროცესი ვერც მშენებლობის პერიოდში და ექსპლუატაციის პერიოდში გვერდით მდებარე შენობაზე რაიმე ზეგავლენას არ მოახდენს.