ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი, რომელიც 2018 წლიდან - მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდებოდა, დასრულდა. პროექტის ფარგლებში დღემდე სულ 186 პროექტი დაფინანსდა, 40 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება და 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას.
„საქართველოში მართლაც ნულიდან ჩამოყალიბდა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის მექანიზმი. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი დასრულდა, მაგრამ ამ პროექტით არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, პირიქით, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით - სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაზე.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მსოფლიო სამეულში მყოფი აქსელერატორი - „500 სტარტაპი შემოიყვანა, ამ პროგრამის რამდენიმე ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა და მომავალში გაგრძელდება ახალი სტარტაპ-კომპანიების, ინოვაციური იდეების დაფინანსება.
„გვინდა, მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიცვათ, ვისაც ინოვაციური იდეები აქვს, ან სურს, თავისი ნიჭი ახალ მიმართულებებს მოახმაროს, დახვეწოს თავისი უნარები. წელს და მომავალ წელს რამდენიმე ათასი დამწყები აიტი სპეციალისტის მომზადებას ვაპირებთ. პროფესიული კადრების მომზადებითა და სტაპტაპ იდეების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ისეთი კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს საერთაშორისო ასპარეზზე - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.