2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რვა პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ხოლო 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.4% შეადგენდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით 9 635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 128%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 7 123 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 66%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 97%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 11 339 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 90%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 95%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.