მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა, ისევ ახალი სიცოცხლის მოლოდინშია. წლების განმავლობაში სასახლემ ძალიან ბევრი მფლობელი გამოიცვალა, ბოლოს ანანოვების მამული 2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფმა“ საინვესტიციო ვალდებულებით შეისყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, კომერსანტი დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს ისტორიულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობა. არა ერთი მცდელობის მიუხედევად „ინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორისგან, დავით კობახიძისგან კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.
რაზეც არ საუბრობენ ინვესტორი კომპანიაში, საუბრობენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში. სწორედ ეს სახელმწფო უწყება ატარებს მის მიერ საინვესტიციო ვალდებულებით გასხვისებული ქონების მონიტორინგს, თუ როგორ ასრულებს მყიდველი ნაკისრ ვალდებულებებს.
მათი ინფორმაციით ირკვევა, რომ „ინვესტ ჯგუფის“ მიერ მოწესრიგდა გადაცემულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობის სახურავი და სანიაღვრე სისტემა, გასუფთავდა გარე ტერიტორია ნაგვისგან და ეკალ-ბარდებისგან. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს გარე ტერიტორიის მოწესრიგების და ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები, მათი შენარჩუნების მიზნით. ქონების ეროვნული სააგენტოში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ 2020 წელს ლანდშაფტურ და სხვა სამუშაოებზე დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯა. მათივე ინფორმაციით, კომპანიას მუშაობა ტურისტული ცენტრის კონცეპტის დამუშავებაზე აქვს დაწყებული და მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეობს.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტურისტული ცენტრის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და 4 000 000 ლარის ინვესტირება. ტურისტული ცენტრი უნდა მოიცავდეს ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცეს, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სპორტულ მოედანს და 6 ნომრიან სასტუმროს;
აუქციონის პირობების მიხედვით ტურისტული ცენტრი შექმნიდან 10 წლის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. ტურისტული ცენტრის შექმნიდან 2 თვის ვადაში, 2 წლის ვადით ცენტრში არანაკლებ 20 ადამიანი უნდა დასაქმდეს. 26.02.2035 წლამდე არ განახორციელოს უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობა და ასევე, უძრავ ქონებაზე არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენება.
შეგახსნებთ, რომ 77,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა ბიზნესმენების ძმები დუგლაძეების საკუთრებაში გადავიდა. სამეწარმეო რეესტრში დუგლაძეების სახელი არ ფიქსირდება. დოკუმენტებში შპს „ინვესტ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი ნინო ლორთქიფანიძეა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ნინო ლორთქიფანიძეა ბიზნესმენ დუგლაძეებთან დაკავშირებული. კომპანიის დირექტორი დავით კობახიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ შპს „ინვესტ ჯგუფი“ დამოუკიდებელი კომპანიაა და ის არანაირ კავშირში არ არის არც ერთ სხვა ბიზნეს ჯგუფთან, მათ შორის, არც დუგლაძეების ღვინის კომპანიასთან.
იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლის გასაყიდად საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ისტორიული ნაგებობა კი 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს ინვესტ ჯგუფმა შეიძინა. ანანოვების მიერ აგებული შენობა, თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, მოგვიანებით სასტუმროდ გადაკეთდა და ბოლოს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქცია შეიძინა. მოგვიანებით, ცნობილ მეღვინეებსა და ხის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებს ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. სასახლის ისტორია საინტერესო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მას სამთავრობო რეზიდენციის სტატუსი მიენიჭა, წლების მანძილზე რეზიდენცია უმაღლესი რანგის სტუმრებს მასპინძლობდა. სამთავრობო რეზიდენციამ 2012 წლიდან პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია შეიძინა, ეს სტატუსი ანანოვების სასახლეს 2014 წლამდე ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირდებოდა.
ბაჩო ადამია