20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა.
საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს.
TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას მუდმივად 19 მლნ. ადამიანი იყენებს, რადგანაც ეს შიდა ჩინური მესენჯერი და გზავნილების სისტემაა, შტატებში მას ძირითადად ჩინელები და ჩინეთთან საქმიანი კავშირის მქონე ამერიკელები იყენებენ. საბოლოო ჯამში, WeChat-ის ფუნქციონირება შტატებში მკვეთრად გაუარესდება, მომხმარებლებს სიჩქარის შემცირება და მუშაობის პერიოდულად შეწყვეტა ელის.
WeChat და TikTok-ს დეცენტრალიზებული სტრუქტურა აქვთ. ისინი სერვერებს სხვადასხვა ქვეყნებში ფლობენ, ძირითადად იქ, სადაცა მათ ბევრი მომხმარებელი ჰყავთ. შესაბამისად, აშშ-ს ვაჭრობს სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე მათი სერვერების განლაგებას კრძალავს, რაც ასევე მათ მიერ სხვადახვა ნახევრად კანონიერი გზებით შტატებში დარჩენის საშუალებას შეზღუდავს. ამ ეტაპზე აკრძალვა მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მოქმედებს და სხვა ქვეყნებზე, როგორც ეს Huawei-ს შემთხვევაში მოხდა, ჯერ არ ვრცელდება.
Similar Web-ის მონაცემებით, TikTok-ის ტრაფიკის 26% სწორედ შტატებზე მოდის, თუმცა, ეს მონაცემები თავად ჩინეთს არ ითვალისწინებს, რადგანაც იქ სერვისს სხვა იურიდიული პირი წარმოადგენს. WeChat-ის მოხმარების 40% ჩინეთზე მოდის, 13%- შტატებზე. TikTok-ის წარმომადგენელმა აშშ-ს ვაჭრობის სამინისტოს გადაწყვეტილება გააპროტესტა.
„ჩვენ აშშ-ს მთავრობას უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები შევთავაზეთ, მათ შორის შესაბამისი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის შეუფერხებელი შესაძლებლობა. თანაც, ჩვენი კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობა პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო უსაფრთხოებაზე. ჩვენ ამ უსამართლო გადაწყვეტილების წინაამღდეგ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ“ - განაცხადეს TikTok-ში.
ზოგადად, ნებისმიერი კომპანიისთვის ამერიკული ბაზრის დაკარგვა ყველა შეთხვევაში მტკივნეულია, რადგანაც ის რეკლამის უწყვეტ ნაკადს უზრუნველყოფს. აკრძალვამ შესაძლოა ბიზნეს-კომპანიებს WeChat-ში და TikTok-ში რეკლამის განთავსების ინტერესი მკვეთრად შეუმციროს. ამჟამად შტატებში TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სერვისის ყიდვის მთავარი პრეტენდენტია ტექნოლოგიური გიგანტი Oracle. გარიგების სავარაუდო ღირებულებაა 20 მლრდ. დოლარი, თუმცა დონალდ ტრამპმა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა მოითხოვა - პრეზიდენტის თქმით, ის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს იმ შემთხვევაში, თუ TikTok-ის დღევანდელი მფლობელი - კომპანია ByteDance - მისი აქციების 51%-ს შეინარჩუნებს.
RBC.ru
თენგიზ აბლოთია