„ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებას აკვირდება“, - Washington Post-ი თავის სტატიაში კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად საქართველოს ასახელებს.
სტატიის თანახმად, ისეთი ძლიერი და დიდი სახელმწიფოები, როგორებიც აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან, პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.
„მაშინ, როდესაც მეზობელ რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. 3.75 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 700-ზე დაბალია, 12 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ სწრაფად გატარებული ღონისძიებები, როგორიც იყო იანვრის ბოლოდან აეროპორტებში დაწყებული სავალდებულო თერმოსკრინინგი და საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, ქვეყანას ვირუსის გავრცელების შეჩერებაში დაეხმარა.
ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს.
მისივე თქმით, ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ და მოქალაქეები მზად იყვნენ, გაეღოთ ისეთი მსხვერპლი, როგორებიც საერთაშორისო ფრენების აკრძალვა და სოციალური კონტროლის სხვა ზომები იყო.
„ჩვენ რთულ პერიოდში ერთად დგომას მიჩვეულები ვართ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
Imedinews