„სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ არის შემცირებული. შეჩერებულია ათობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე. ინფრასტრუქტურის საერთო მდგომარეობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია“-ამის შესახებ „არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით,საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ყველაზე ცუდი მდგომარეობა რკინიგზაშია, 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები. საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით არის შემცირებული და ნაცვლად განვითარებისა ის საქართველოს ეკონომიკაში შავი ხვრელის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების დონე არც თუ ისეთი მაღალია, არსებულ მდგომარეობას რკინიგზის განვითარების დონე ერთი საუკუნით ჩამორჩება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების გარეშე. წარმოუდგენელია ქვეყანა „Doing Business-ს რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ის 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოვრჩებოდეთ, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი. მაშინ როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს. - ვასო ურუშაძე
HUB Georgia-მ 15 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს მთავრობამ მიიღო 750 ათასი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, შეემუშავებინა სატრანსპორტო სექტორის განვითარების სტრატეგია, დღეს ქვეყანას არ გააჩნია სატრანსპორტო პოლიტიკა, შემუშავებული დოკუმენტი კი ეკონომიკის სამინისტროში უფუნქციოდ თაროზეა შემოდებული.