„ციფრული ჰაბის“ სტატუსის მოსაპოვებლად აზერბაიჯანი საქართველოს დაუპირისპირდა. მონაცემთა გაცვლის ბაზები, ისეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორებიცაა - Google, Amazon, Microsoft, Netflix, Facebook და Youtube, შესაძლოა აზერბაიჯანში განათავსოს.
საქართველოს სტატუსი, როგორც რეგიონის „ციფრული ჰაბი“ მას შემდეგ დადგა ეჭვის ქვეშ, რაც „კავკასუს ონლაინმა“ შავი ზღვის ციფრული კაბელი აზერბაიჯანულ კომპანიას „აზერტელეკომს“ უკანონოდ გადასცა.
იაფი, სწრაფი და უსაფრთხო ინტერნეტი - რა შესაძლებლობები შეიძლება დაკარგოს საქართველომ, ამ საკითხზე „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე საუბრობს.
„უსაფრთხო ინტერნეტი ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს ექნება დამოუკიდებელი კავშირი ევროპულ ინფრასტრუქტურასთან, ეს არის გარანტი იმის, რომ ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობელი ვერ შეძლებს საქართველოს ინფორმაციის მოპოვებასა და გადამუშავებას“, - განაცხადა მამია სანადირაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
დაკარგავს თუ არა საქართველო ტექნოლოგიური განვითარებისა და მილიონობით ლარის ინვესტიციის შესაძლებლობას სამომავლოდ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ შპს. „აზერტელეკომი“ აზერბაიჯანული სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც 2008 წელს დაარსდა. კომპანია აზერბაიჯანს მეზობელ ქვეყნებთან - რუსეთთან, საქართველოსთან და ირანთან აკავშირებს.