შვედურმა საავტომობილო კომპანიამ Volvo Cars AB საფონდო ბირჟაზე პირველადი აქციების განთავსების პროცედურა ე.წ. IPO გაიარა. სტოკჰოლმის ბირჟაზე კომპანიამ 20 მილიარდი კრონის ღირებულების აქცია გაიტანა, რომელთა საცალო ფასი 53 კრონია.
შედეგად კი კომპანია, რომლის მფლობელია ჩინური Zhejiang Geely Holding Group Co., შეფასებულია 158 მილიარდ კრონად (18,17 მლრდ დოლარად). Nasdaq Stockholm-ზე სადებიუტო ვაჭრობის დღეს Volvo-ს აქციები 13,2%-ით გაიზარდა 60 კრონამდე ცალზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ აქციებზე მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, მათ შორის მაღალი ინტერესი გამოავლინეს შვედეთის ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა კომპანიებმა და ინდივიდუალურმა ინვესტორებმა სკანდინავიის ქვეყნებიდან.
IPO-დან მოზიდული ფინანსური რესურსი გადამისამართდება Volvo-ს სტრატეგიის რეალიზაციისკენ, რომელიც 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების გამოცემას ითვალისწინებს და კარბონეიტრალურობის მიღწევას უკვე 2040 წლისთვის.
2021 წლის პირველ ნახევარში Volvo-ს გაყიდვები 41%-ით გაიზარდა და 380 757 ეგზემპლარი შეადგინა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი