ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებული, დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება. იმაზე, თუ რა პირობებით მოხდება „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა განმარტება დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 14 ჰექტარი.
როგორც ირკვევა მზიურის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთი შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა. კომპანიის დირექტორი ვაჟა ბოლქვაძეა, ხოლო 50-50%-იან წილებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეები შოთა ხატიაშვილი და გიორგი გოჩა ჭიღლაძე ფლობენ.